“შეშლილი პიერო” (ჟან–ლუკ გოდარი)

    pierrotlefou_01

       „შეშლილი პიერო“ გოდარის ერთერთი ყველაზე ცნობილი ადრეული ფილმია, გადაღებული 1965 წ. მას შეიძლება ვუწოდოთ „ჰიმნი“ ახალ ტალღას , ეს „პიეროა“. შეიძლება ითქვას, რომ გოდარს სურდა გაეერთიანებინა ყველაფერი საუკეთესო, ყველა თავისი ნაშრომი. აქ შეხვდებით ბელმონდოს და რეჟისორის მუზას – ანნა კარინას, ჟანრთა ნაკრებს, ფერებისა და სინათლის თამაშს . საერთოდ „პიერო“ გოდარის ყველაზე მრავალჟანრიანი ფილმია – კინოს გმირები იტაცებენ მანქანებს, ძარცვავენ, კლავენ, უყვართ ერთმანეთი, კარინა ჭრის ჰაერს მაკრატლით, ხოლო სისხლი, როგორც ყოველთვის გოდართან – „უბრალოდ წითელია“.
მისი დაღვრა – იგივეა, რაც პოპკორნი შეაყარო მაყურებელს დარბაზში. კრიტიკოსები კიცხავენ გოდარს სისხლის სიჭარბეზე ფილმებში, „პიერო“ ხორცის მანქანა არ არის. ეს სიყვარულის ისტორიაა. უცნაური სიყვარულის ისტორია. პლაჟზე შეკრებილი გმირები ფიქრობენ, აზროვნებენ. ეს მარტივი ფილმი არ არის, – ვის ესაუბრები?… – მაყურებელს… თვითოეულ ფილმში გოდარი ეძებს კონტაქტს თავის მაყურებელთან. მაგრამ მაყურებელს არ მოსწონს, მაყურებელს არ ესმის… მაყურებელს უნდა უყუროს ახალგაზრდა ბელმონდოს, „გოდარისეული“ ხერხები მისთვის არაფერს ნიშნავს.
ჟან-ლუკი ავალებს თავის გმირებს გაექცნენ მაფიას, ისროლონ იარაღიდან, გაიტაცონ ავტომობილები…. და კიდევ, გმირები მღერიან – მაყურებელს უყვარს, როცა გმირები მღერიან. თითქოს ეს ჰოლივუდის რომელიღაც მიუზიკლია. კაცი, ქალი და ყველაფერი…. ფილმს „შეშლილი პიერო“ საზღვრები არ აქვს. მოუმზადებელი მაყურებელი ფეხს მოიტეხს ამ „სოფიზმებში“ და „ეკივოკებში“, რომლებიც მათ თავის საქმის უბადლო ხელოვანმა – გოდარმა მოუმზადა. ზოგი ამაში ნაკლებად საინტერესოს და პრეტენზიულს დაინახავს, ზოგი „ახალი ტალღის“ ციტატებით გაჯერებულ ტიპიურ პროდუქტს, ზოგიც კი ერთერთ პოეტურ თანამედროვე ქმნილებას, რომელიც მაყურებელს ეთამაშება.
ფერები ერთმანეთს როგორც კალეიდოსკოპში, ისე იცვლება და ისეთივე კაშკაშაა, როგორიც მის ადრეულ ფილმებში. ყველგან ეს მოწითალო-მოყვითალო-ლურჯ-მწვანე შეშლილი, შეშლილი სამყარო…
როგორც ყველა გოდარის ფილმი, ეს ფილმიც ხელახლა ნახვას საჭიროებს. პირველ ნახვაზე მას ვერ შეიგრძნობ. პირველად, გოდარი შენ არ გინდობს, შემდგომ კი, უკეთესია. „სულელი პიერო“ ჟან-ლუკის შემდგომი შეშლილი ქმნილებაა.
„ხელოვნება თავის მხრივ იარაღია“- გოდარი. „იარაღი ბადებს ძალაუფლებას“- მაო ძე დუნი . ფილმში „შეშლილი პიერო“ აშკარად ჩანს ბურჟუაზიული საზოგადოებისადმი გოდარის დამოკიდებულება, მიუღებლობა. ის შეურაცხყოფის დონემდე დაუნდობლად დასცინის „საშუალო კლასს“, რომელიც მოკლებულია ინდივიდუალობას. განსაკუთრებულად მწვავეა მისი დამოკიდებულება „საშუალო კლასის“ ქალების მიმართ. „საზოგადოებრივი მოხმარების მსხვერპლთა“ გონება ისეთ დონემდეა შეზღუდული, რომ მათ არ გააჩნიათ საკუთარი აზრი და ერთმანეთში მხოლოდ სარეკლამო ტექსტებით საუბრობენ. მათი ქცევა აჩვენებს, რომ ისინი მთლიანად აიგივებენ თავის თავს სარეკლამო პლაკატების და კლიპების პერსონაჟებთან და მაღაზიების ვიტრინების მანეკენებთან. რადგანაც ფილმი აშკარად მიმართულია „საშუალო კლასისადმი“, ადვილია გოდარის დიდაქტიკის გაშიფვრა: შეხედეთ, თქვენ გაქვთ მხოლოდ ორი გზა, ან უნდა აჯანყდეთ, ან უნდა გახდეთ მანეკენები. რატომაც არ უნდა ავჯანყდეთ, თუ გამარჯვება შესაძლებელია? და ამ აზრის ხაზგასასმელად გოდარი აიძულებს ფერდინანდს და მარიანას ხატონ ფიდელ კასტროსა და მაო ძედუნის პორტრეტები – ნახეთ, მათ გარისკეს და გაიმარჯვეს.
ფილმში „შეშლილი პიერო“ პირველად ენიჭება დიდი როლი ენას, ტექსტს, სიტყვას. ეს არის შედეგი ლინგვისტური ფილოსოფიის გავლენისა გოდარზე და შემდეგ ფილმიდან ფილმამდე ეს გავლენა ძლიერდება. ამასთან ერთად გოდარი ცდილობს ლინგვისტური და ანალიტიკური ფილოსოფიის მიღწევები გამოიყენოს პროპაგანდისა და განათლების პრობლემების გადასაჭრელად. ის აიძულებს თავის ფილმის გმირებს წაიკითხონ კლასიკური ნაწარმოებების ტექსტები, რითაც უპირისპირდება „მასობრივ კულტურას“ და უპირისპირებს ერთმანეთს ღირებულს-არაღირებულს. ამასთან ერთად გოდარი მოგვიწოდებს არ ვენდოთ გარშემომყოფთ. გავაკეთოთ ყველაფრის ანალიზი, ჩამოვხსნათ მათ სახიდან ნიღაბი. მარქსის სწავლების დახმარებით, ამხელს ეკონომიკურ მექანიზმებს, რომლებიც ჩვენ გვიმონებენ.
როგორც ყველა კინოს პრაქტიკოსი, გოდარს აქვს საშუალება დაინახოს „ორი რეალობა“. ის რომელიც ჩანს მზა ფილმში, ფირზე (რომელსაც აღიქვამს მაყურებელი) და ის რეალობა, რომელიც არსებობს ფილმის შექმნისას. ის რა თქმა უნდა ხვდება რომ ნამდვილი რეალობა არის მეორე და რაც ეკრანზე ხდება, ეს ილუზიაა. იგივე ხდება ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ როგორ დავუმტკიცოთ ეს მაყურებელს? ძნელი მისახვედრი არ არის რომ ლუდვიგ ვინტგენშტეინის ანალიტიკურ ფილოსოფიაში გოდარმა აღმოაჩინა რაღაც მისთვის ძალიან ახლო „კინემატოგრაფიული შეხედულება“ მსოფლიოზე.
ჟან-ლუკ გოდარმა შექმნა პოეტური და ფერადი ფილმი. ფერადი… ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. წითელი და ლურჯი ფერები ხშირად ახლავს დეკორაციებს და ზოგიერთ სცენას, თითქმის არც არის კადრი ლურჯი და წითელი ფერის გარეშე. სამფეროვანი ნივთებიც ხშირად არის გამოტანილი საჩვენებლად (დროშა) . ფორმებისა და ფერების ასოციაცია ნათლად ჩანს. და თუ ვისაუბრებთ ფილმის პოეტურობაზე, ეს ცალკე თემაა, რადგან პოეზია პროზად, ლიტერატურული აზრები და კალიგრამები, პერიოდულად ჩნდება. უარი სამომხმარებლო საზოგადოებაზე, ბედნიერებისა და ოცნების უფლება პარიზიდან ხმელთაშუა ზღვამდე ხორციელდება… პარადოქსია, მაგრამ ორი გმირი, რომელმაც უარი თქვა ამ საზოგადოებაზე, თვითონვე იყენებს მას. ხოტბა მხატვრობას, ლიტერატურას და კომიქსებს მრავლად ხვდება მაყურებელი – და დიალოგებში მაშინდელი დროის ფრაზებსაც ვცნობთ დიალოგებიდან. სიურპრიზი თვითოეული ნაწილის ბოლოს გვხვდება და ფინალიც ფეთქებადი აღმოჩნდება.
მიუხედავად იმისა, რომ რემბოს გვარი არსად არ მოიხსენიება, ის მუდმივად ჩნდება ციტატებში (ერთი სეზონი ჯოჯოხეთში, „სიყვარული თავიდან არის შესაქმნელი“, „ნამდვილი ცხოვრება სხვაგანაა“ და ა.შ., ასევე ციტატა ფინალში). რემბო ასევე ჩნდება შავ-თეთრ პორტრეტშიც, ფერადი ხმოვანი ასოებით მორთული. და ბოლოს, ზოგიერთი პერსონაჟის ქცევა ჰგავს რემბოსას (ფერდინანდი და მარიანა, უფულო წყვილი, რომელიც უარს ამბობს მუშაობაზე, ფრედი, იარაღით მოვაჭრე აფრიკაში, მათი გაქცევა და ა.შ.) შეშლილი პიეროს ხასიათი ჰგავს აბსტრაქტული მხატვრის ნიკოლა დე სტალის ცხოვრებას, რომლის ბევრი ნახატიც გამოიყენა ამ გმირის სუიციდამდე ძირითადი ფერების ჩხირებისგან შექმნილი დინამიტით, მთავარმა ოპერატორმა რაულ კუტარმა. 

       „არაფერი მესმოდა კინოზე და მხოლოდ „სენტროპეს ჟანდარმი“- ს ჟანრის ფილმები მქონდა ნანახი და ვფიქრობდი, რომ კინო მხოლოდ მაყურებლის გასართობად იყო. არც კი ვთვლიდი, რომ ის ხელოვნების გამოხატვის საშუალება იყო. „შეშლილ პიეროზეც“ როგორც ერთ ჩვეულებრივ ფილმზე, ისე წავედი, არც კი ვიცოდი ვინ იყო გოდარი, სათაური მომეწონა და ბილეთი იმიტომ შევიძინე. და პირველად ჩემს სიცოცხლეში ვნახე, რომ კინო ხელოვნება ყოფილა. დარბაზიდან გამოსვლისას, გადავწყვიტე გადამეღო ფილმები.“ კინემატოგრაფი შანტალ აკერმანი.

     თავის სტატიაში, „რა არის ხელოვნება, ჟან-ლუკ გოდარ?“ ლუი არაგონი ხოტბას ასხამს მას:  „ პიეროს ჩვენებას რომ ვესწრებოდი, ყველაფერი დამავიწყდა რა უნდა მეთქვა და მეფიქრა გოდარზე. რომ თავისებურია, ამბობს რაღაცეებს, რომ გაკვეთილს გვიჩვენებს, რომ ამის და იმის სჯერა… ბოლოს ისიც, რომ აუტანელია, მოლაყბე, ჭკუის დამრიგებელი (თუ პირიქით): მე მხოლოდ ერთ რამეს ვხედავდი, ერთდადერთს, რომ ეს ძალიან ლამაზი იყო. ზეადამიანური სილამაზე“.

ქეთი ლეკიშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s