ანტონიონი – სიყვარული თანამედროვეობაში

Camera obscura … Michelangelo Antonioni during the filming of L'Avventura (1960).       თუკი არ ჩავთვლით ფილმ-ექსპერიმენტ „ობერვორლდის მისტერიას“, რომელიც ანტონიონიმ ტელევიზიისათვის სამი წლის წინ გადაიღო, ზუსტად ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მას სამშობლოში ფილმი არ შეუქმნია. ახლა, „ქალის იდენტიფიკაციით“ ის არამარტო დაუბრუნდა სამშობლოს, არამედ იმ თემას შეეხო, რომელიც თავის საუკეთესო ნაშრომებში იკვეთება: უსასრულო ხაფანგები ქალ-ვაჟურ ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, ის არ აღიარებს ამდაგვარ სიმარტივეს საკუთარ ფილმში: ეს არის ისტორია მამაკაცზე – რეჟისორზე – რომელიც ეძებს ქალს მთავარი როლისათვის ფილმში. ამ პროცესში კი თავს ახვევს საკუთარ ფანტაზიებს გოგოს, რომელსაც პოულობს. ფილმის დიალექტიკა სწორედ ამაშია: რა დოზით შეუძლია მის კამერას დოკუმენტირება და რა დოზით – გამოგონება?

          ანტონიონი:  მე არ მჯერა ავტობიოგრაფიის, მაგრამ ყველა მხატვრული ფილმი,  გარკვეულწილად დოკუმენტურია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფილმი თანამედროვეობის თემაზეა აგებული.

            არის თუ არა თქვენს ფილმში დოკუმენტირებული სიყვარული, როგორც თანამედროვეობის ისტორია?

            ა: ვიტყოდი, რომ  სიყვარული არის ფილმში, მაგრამ ეს თანამედროვეობის სიყვარულია. დღევანდელობის სიყვარული. სიყვარული, რომლის გამოც ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ზედიზედ ორი დიდი იმედგაცრუება გადააქვს, არ ტყდება, არ იგლეჯს თმას სიმწრისგან და არ ვარდება სასოწარკვეთილებაში, როგორც ამას ადრე აკეთებდნენ. მასში არის ტკივილისა და ტანჯვის დაძლევისათვის საკმარისი მოწიფულობა. იგი მართავს და საბოლოოდ დომინირებს საკუთარ ემოციებზე. სწავლობს, თუ როგორ მართოს თავისი გრძნობები და სენტიმენტები. განსაკუთრებით, თავისი პროფესიის ჩარჩოში.

            ანუ თქვენ თვლით, რომ არ ღირს სიყვარულის გამო ფორიაქი?

            ა: მე ვიტყოდი, რომ ეს უკვე ისტორიულია. ასეთი საქციელი სხვა დროის ნაწილია. ძველი ლიტერატურის, ძველი ხელოვნების, კინემატოგრაფიისა და თეატრის. შევეცდები, არ განვაზოგადო და ვცდილობ, კონცენტრაცია იმ პერსონაჟებზე გავაკეთო, რომელთაც ვხედავ.  პერსონაჟები ავტონომური არსებები არიან. მე მხოლოდ ავტორი ვარ, როგორც პირანდელო იტყოდა. მიუხედავად იმისა, რასაც ჩემზე ამბობენ, მე ჩემს თავს ჩემს ფილმებთან არასდროს ვუკეთებ იდენტიფიცირებას.  მართალია, მე მათთან გარკვეული ემოციები მაკავშირებს, მაგრამ მხოლოდ მჭვრეტელის დონეზე. მაგრამ, რადგანაც შეკითხვა უფრო ზოგადი იყო, მე მჯერა, რომ მეცხრამეტე საუკუნის სიყვარული დღეს მხოლოდ ღიმილისმომგვრელია.

            როდესაც თქვენ საუბრობთ „კონტროლსა“ და „დომინირებაზე“, ქალ-ვაჟურ ურთიერთობაში, თვლით, რომ ესენი დღეს გარკვეული „მიღწევებია?“

            ა: რა თქმა უნდა. როდესაც ჩვენ, დღევანდელ სამყაროში მუდმივად გვბომბავენ კატასტროფული ახალი ამბებითა და სხვა მრავალი გამაღიზიანებლით, გრძნობათა მოთოკვა უმნიშვნელოვანესი ხდება. ფაქტი ის არის, რომ ჩვენ ბევრ უარყოფითს უსიტყვოდ ვეგუებით: განსაკუთრებით, ჩემს ქვეყანაში – მაფია, ტერორისტები, უწესრიგობა, ანარქია – და საბოლოოდ, შინაგანი კონტროლის გარეშე, ამ ყველაფერს ადამიანი შეუძლია შემადგენელ ნაწილებად დაიშალოს. კონტროლი ხდება ჩვევა. სიცოცხლის  გზა. შესაძლოა, ერთადერთიც კი.

            გამოდის, რომ თუკი თქვენი ფუნქცია მხოლოდ მონაწილეობით შემოიფარგლება, თქვენ მხოლოდ დოკუმენტალისტი ხართ.

            ა: მე არ მიყვარს „ფუნქციაზე“ საუბარი. მიჭირს, ჩემს თავს გვერდიდან შევხედო, როგორც კინომოღვაწეს. ასევე მიჭირს, ჩემს თავზე ღიად ვისაუბრო. მე ეს მეზიზღება. პრუსტის განმარტებით, არტისტი შეიძლება იყოს თანამედროვე დროებაზე წინ, მაგრამ ნამუშევრის უკან მდგარი  ადამიანი – არა.

            გამოდის, რომ „ქალის იდენტიფიკაცია“ არის ფილმი თანამედროვე ადამიანის ფსიქიკაზე. შევამჩნიე, რომ , მაგალითად, თქვენ ამ ფილმში ექსტრემალურად დიდ ყურადრებას აქცევთ ხმას. ეს კი იტალიაში უჩვეულოა. და მიღებულია, როგორც ფსიქოლოგიური მედიუმი, და არა რაციონალური, როგორც სურათი.

            ა: მე ასეთ განსაზღვრებას არ გავაკეთებდი. სმენა და ხედვა ორივე „პირდაპირი“ შეგრძნებაა. მე არ მჯერა, რომ რომელიმეს ფიქრი და მედიტაცია სჭირდება.  ლიტერატურაში კი ყველაფერი სხვაგვარადაა.მას გონება სჭირდება. ფილმში, ხმას სხვადასხვაგვარი განზომილება აქვს: ეფექტები და ხმაური პირდაპირი შეგრძნებაა, მაგრამ ადამიანის საუბარს ინტერპრეტაცია სჭირდება. ადამიანის ხმა არაერთგვაროვანი და დაუცველია,ამიტომმას მედიტაცია, ორკესტრაცია სჭირდება. სწორედ ეს არის მსახიობის ოსტატობა. ეს უკავშირებს პერსონაჟს სამყაროს.

kinopoisk.ru-Identificazione-di-una-donna-1393175   

     ფილმში წარმოდგენილი ქალის ორი პერსონაჟი წარმოადგენს თუ არა ორ განსხვავებულ სამყაროს?

            ა: მე ეს განზრახ არ გამიკეთებია, თუმცა ვიცი, რომ ეს ერთ-ერთი შესაძლო ინტერპრეტაციაა. ერთი მათგანი სოციუმის არისტოკრატული ნაწილისგან არის, უპირისპირდება თავის წარმომავლობას. ცდილობს, შექმნას თავისი ცხოვრება იმის ცოდნის გარეშე, თუ როგორი იქნება იგი. მეორე ქალი კი მუშაობს, იმკვიდრებს თავს სოციუმში. ამ ორი ქალის პრობლემები არ არის თანაბარი და მათი საქციელიც, თუნდაც სექსში, სხვადასხვაა.

            როგორ გამოისახება ეს ფილმის სექსუალურ სცენებში?

            ა: პირველი ქალი სწორედ სექსუალურ ურთიერთობაში პოულობს საკუთარ თავს. სწორედ ამიტომ არის ფილმის ინტიმური სცენები ასეთი ღია. ეს სცენებია უხმო ხერხემალი მოცემული ისტორიისა, რომელშიც ეს გოგონა მოძრაობს. ისინი წარმოადგენს მისი პერსონის ლოგიკურ გაგრძელებას. სექსუალური აქტივობა აქ განმანთავისუფლებელი აქტია. სწორედ ამ დროს ხდება იგი ის, ვინც უნდა, რომ იყოს.

            თქვენ ამბობთ, რომ მეორე ქალს არ „სჭირდება“ ეს ყველაფერი იმავენაირად?

            ა: მეორე ქალმა საკუთარი თავი უკვე იპოვა თავის საქმეში.  იგი უფრო წმინდა, ადამიანური, მარტივია.მარტივია სწორედ იმიტომ, რომ მის არსებობას აქვს შინაარსი.

            იმაზე ხომ არ მიანიშნებთ, რომ თვითრეალიზაციის ძიება ინტიმურ ურთიერთობაში ნევროტული მიდგომაა, განსხვავებით, თვითრეალიზაციისა, სამუშაოს მეშვეობით?

            ა: ნამდვილად, პირველი უფრო ფსიქიკურია. აგრეთვე, ესაა შედეგი მისი სოციალური ადგილისა და გარემოსი, სადაც ის ცხოვრობდა. ასევე, მისი ბუნებისა. რაც უფრო აქტიურად ცდილობს იგი, განთავისუფლდეს ამ ბორკილებისგან, ქალი თავისდაუნებურად, უარესად ეჯაჭვება მათ. მიმიკები, სიტყვები, ქცევები. ეს ყველაფერი რჩება.

            არის თუ არა თვითრეალიზაცია სექსის მეშვეობით ამ ხალხის შესაძლებლობათა ზღვარში?

            ა: ამ ფაქტის დამალვაც კი მათი რეალობის ნაწილია. მაგრამ, როგორც ვთქვი, ეს გზა ამ ორი ქალის ინტერპრეტაციის მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია. პერსონაჟების შექმნის დროს მე არ ვგეგმავ კონცეპტებს.

            მამაკაცზე რას იტყოდით? ის თუ წარმოადგენს რაიმე სამყაროს?

            ა: ის ასახიერებს სპეციფიური ასაკის და პროფესიის ადამიანებს, რომელთაც მე ვიცნობ. ასე თუ ისე, ჩვენ ყველა განვსხვავდებით, მაგრამ გვაქვს გარკვეული თვისება, გამუდმებული ძიებისა თემების, იდეების, ისტორიების. ეს ჩვენში საერთოა. მაგრამ მე არ გახლავართ განსახიერებათა ოსტატი. როდესაც ფილმი შექმნილია, თქვენ შეგიძლიათ ამოიკითხოთ ეს, შეგიძლიათ – არა. მე არ ვარ ისეთი ჭკვიანი, რომ მივცე ჩემს პერსონაჟებს განსაზღვრული იდეოლოგიური პოზიცია. წარმოიდგინეთ, რამხელა მუხრუჭი იქნება ეს ჩემი ვიზუალური ფანტაზიისთვის. მე ვმუშაობ შთაგონებასა და ინტუიციაზე, რომლებიც არ არის აუცილებლად მიწეპებული წინასწარგანსაზღვრულ დიალექტიკაზე.

            ხომ არ გაქცევთ ეს ფილმი იმ ოპოზიციონერთა ბანაკში, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში იცავენ აზრს, რომ ქორწინება, ამ სიტყვის ეგზისტენციალური მნიშვნელობით, უკვე წარსულის მოვლენაა?

            ა: შეიძლება ესეც ითქვას. ჩვენ სამშობლოში, ისეთ პერიოდში ვცხოვრობთ,  რომელსაც „Riflusso” -ს უწოდებენ. ეს რეაქციაა წმინდა სოციალური ქორწინების წინააღმდეგ. მაგრამ რა თქმა უნდა, მე არ შევქმენი ფილმი მხოლოდ ამის სათქმელად.

            ახლა კი როდესაც თქვით ყველაფერი ის რაც თქვით, იქნებ სწორედ თქვენ ხართ განსახიერებული მამაკაცში?

            ა: მე არ მჯერა, რომ ბიოგრაფიის გადმოცემა მხოლოდ გადამხდარი ფაქტების თხრობით არის შესაძლებელი. უფრო ზუსტად კი, ფაქტები, რომელიც რეჟისორს ცხოვრებაში გადახდა, ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა. ფილმი ხდება ავტობიოგრაფიული მხოლოდ იმ ხარისხში, რომ ის აუთენტურია. ვგულისხმობ იმას, რომ ის ინდივიდუალურად ჩემია, გადმოსცემს ისტორიას ისე, როგორც მე მინდა.  ჩემი გზების საშუალებით. მაგალითად, დილით გადასაღებ მოედანზე მისვლისას, მე არ მაქვს ზუსტი წარმოდგენა იმისა, თუ რა უნდა გავაკეთო. მირჩევნია, ჩემს სკამზე დაჯდომისას დავსახო პრობლემები და შემდეგ გადავწყვიტო ისინი ისე, როგორც მე ვგრძნობ. უმწიკვლო მდგომარეობიდან. ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება ამ დილას – ის, რასაც ვხედავ გზაში, სინათლე, ღრუბლები, სურათი გაზეთში, ხმა, რომელიც მესმის – ყველა ეს განსაზღვრავს ჩემს მდგომარეობას და საბოლოოდ, ხდება იმ დღის გადაღებების ნაწილი. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რა ვარ მე მოცემულ მომენტში. სწორედ ამ დროს ხდება ფილმი „აუტობიოგრაფიული“.

            ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ფილმი განსხვავდება წინასწარ დაწერილი სცენარისაგან?

            ა: ძალიან. თუკი შეადარებთ სცენარს და საბოლოო ვარიანტს, აღმოაჩენთ, რომ თითქმის ყოველი წინადადება შეცვლილია. მაგრამ ამას გადაღების დროს ნაკლებად ვამჩნევ, რადგან სცენარს არასდროს ვკითხულობ. მე ვგრძნობ,  გულით ვიცი იგი.

            შედეგით თუ ხართ კმაყოფილი?

            ა: ჯერ არ ვიცი. და შეიძლება წლების განმავლობაშიც ვერ გავიგო. როდესაც თვალს ვავლებ ჩემს წინანდელ ნამუშევრებს, „ფავორიტი“ ფილმი ყოველთვის იცვლება. ამაზე გავლენას სწორედ ის ადამიანი ახდენს, რომელიც მე კონკრეტულ მომენტში ვარ. რამდენად ვგრძნობ და მაღელვებს ის მოვლენები, რასაც ფილმი შეიცავს.

            თქვენ ყოველთვის გაინტერესებდათ წყვილები. ამ კუთხით, ფილმი აგრძელებს თქვენს უმთავრეს გატაცებას.

            ა: შეიძლება ასეც არის. მაგრამ, ჩემი გატაცება აქ უფრო განვითარებულია.  უფრო დღევანდელი და თანამედროვეა.

            შეიძლება თუ არა ითქვას, რომ თქვენი შემოქმედების წითელი ხაზი სწორედ ამ თემის განვითარების დოკუმენტირებაა, სულ უფრო და უფრო თანამედროვე მოდაში?

            ა: მართალი გითხრათ, ამისგან უკვე დავიღალე. მე არ მინდა მოვუთხრო ხალხს ერთიდაიგივე ისტორიები, ან შევეხო ერთი და იმავე თემებს.  ჩემი შემდეგი ფილმი განსხვავებული ხასიათის იქნება. მოქმედება, უმეტესწილად ზღვაში მოხდება და კვლავაც ამერიკაში გადავიღებთ.

            … აქ მე აღარ შევეხები ქალ-ვაჟურ ურთიერთობებს. რა თქმა უნდა, ადამიანებს შორის კავშირი იქნება, მაგრამ არა სექსუალურ დონეზე. ფილმი იქნება ერთად ცხოვრების შესაძლებლობაზე, ადამიანის ფლობის სურვილზე და შურზე, რომელიც ადამიანს შეიძლება გააჩნდეს სხვა ადამიანის ცხოვრების მიმართ.

22 ივლისი, 1982.

თარგმ. ნიკა

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s