ინტერვიუ ინგრიდ ბერგმანთან

article-2197007-14CB3A34000005DC-920_964x795

ორიანა ფალაჩი. შეგვიძლია ვისაუბროთ იტალიურად?
ინგრიდ ბერგმანი. რა თქმა უნდა. იტალიური ჩემი მეხუთე ენაა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტათი მავიწყდება. იცით, ჩემს შვილებს ფრანგულადაც კი ველაპარაკები.

– მგონი, ფრანგულად ძალიან კარგად საუბრობთ.
– ისე კარგადაც ვერ ვფლობ, როგორც ინგლისურს, გერმანულსა და შვედურს. ჰოლივუდში დავიწყე ფრანგული ენის შესწავლა და შემდეგ უკვე როსელინისთან დავხვეწე. როსელინიმ არ იცოდა ინგლისური ენა და ამიტომაც გვიწევდა ფრანგულად საუბარი. რომში გადმოსვლის შემდეგაც, დაახლოებით ერთი წელი, ფრანგულად ვლაპარაკობდი. გერმანული ენა ბავშობაში ვისწავლე, მაშინ როცა ჩავდიოდი ჩემს დეიდებთან ჰამბურგში. დედაჩემი გერმანელი გახლდათ. ორი წლის ვიყავი როცა გარდაიცვალა. ინგლისურ ენას რას შეეხება – ის ჩემი მეორე მშობლიური ენაა.

– ქალბატონო, ბერგმან, თქვენ ბრძანდებით შვედი, გაქვთ მკვეთრად გამოხატული შვედური სახის მოყვანილობა, გქვიათ შვედური სახელი და გაქვთ შვედური მენტალიტეტი. მიუხედავად ამისა, ყოველთვის როცა მოგმართავთ ან უბრალოდ თქვენზე ვსაუბრობ, ისეთი შეგძნება მაქვს, თითქოს ამერიკელს მივმართავდე. ალბათ იმიტომ, რომ შვედეთის ერთგული არ დარჩით. თუ ვცდები?

– ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შვედეთი შორს იყო ჩემგან. მხოლოდ მცირე ხნით თუ დამიბრუნდა. თუ დავიბრუნე? მოკლედ, არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ მხოლოდ ახლა ვიწყებს ჩემს მშობლიურ ქვეყანასთან დაახლოებას: არა იმიტომ, რომ მე და ლარსი ყოველ ზაფხულს იქ ჩავდივართ, ალბათ უფრო იმიტომ, რომ ვბერდები და სიბერე ფესვებს უბრუნდება. ალბათ, მართალი ხარ: არ ვიყავი შვედეთის ერთგული. ოცი წლის განმავლობაში, ერთხელაც არ მიტირია ჩემი სამშობლოს მონატრების გამო. იცი, მე იმ კატეგორიას მივეკუთნები, რომელიც მარტივად ადაპტირდება სხვა ქვეყნებში, სხვა კულტურებსა და წეს-ჩვეულებებში. თქვენ ერთადერთი არ ხართ, რომელიც ამერიკელად მთვლის და არა – შვედად. ძალიან ბევრი ადამიანი მექცევა ისე, როგორც ამერიკელს, განსაკუთრებით კი – თვითონ ამერიკელები. ერთხელ მახსოვს, იტალიიდან ამერიკაში როცა ვბრუნდებოდი, აეროპორტში უამრავი ადამიანი დამხვდა ბანერით ხელში – “Welcome home!” ყველა ყვიროდა: „კეთილი იყოს შენი შინ დაბრუნება, ინგრიდ“. ამ დროს კი, არასოდეს ვყოფილვარ ამერიკის მოქალაქე, მინდოდა შემენარჩუნებინა შვედური პასპორტი.

– გინდა თქვათ, რომ ამერიკა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო: იტალიაზეც და საფრანგეთზეც?

– არ ვიცი. უფრო იმას ვიტყოდი, რომ ამერიკასა და იტალიას, ერთნაირად, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში. ამერიკაში 10 წელი ვიცხოვრე, ხოლო იტალიაში – რვა წელზე მეტი. თუმცა.. დღეს ვთვლი, რომ ამერიკაში უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს, ვიდრე – იტალიაში. პატარა შვედეთიდან ჩასულს, დამხვდა უზარმაზარი ამერიკა. ამერიკა ჩემთვის იყო წარმატება. იცით რა მომენტია: ამერიკა წყალობს ახალგაზრდებს, მე კი ახალგაზრდა ვიყავი, როცა ჩავედი. ის ამბიციური ადამიანებისთვის იდეალური ადგილია, მე კი – ვიყავი ამბიციური. ის საუკეთესო ადგილია ენთუზიაზმით სავსე ადამიანებისთვის, მე კი – ვიყავი ენთუზიაზმით სავსე. ამერიკაში ყველაფერი მარტივი გეჩვენება, ამაღელვებელი და შურს მოკლებული. თავიდან ამერიკა ჩემთვის ზღაპარივით იყო: ლამაზი საღამოები, ლამაზი ადგილები, სიმპატიური მამაკაცი მსახიობები… შემდეგ დაიწყო ერთფეროვნება. და იმ მომენტიდან, მხოლოდ სტუდიებში ვგრძნობდი თავს კარგად.

– სიამოვნებით დაუბრუნდებოდით თუ არა იტალიას?

– სიამოვნებით? რა თქმა უნდა, კი! იტალიის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ საფრანგეთს ვამჯობინებ. საფრანგეთი გაცილებით დიდია, გაცილებით ფართო, და პარიზში თავს თავისუფალ ადამიანად ვგრძნობ. რომი პატარა ქალაქია და აქ ვერ ახერხებ განმარტოვებას, ყოველთვის ყველა გაკვირდება და გითვალთვალებს. ქუჩაში მისეირნობ და გესმის კომენტარები: „ეს ამას ხვდება“, „ის ასე იცვამს..“ პარიზში არავის აინტერესებს რას აკეთებ.

– თუმცა, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში აღიართ, რომ უპირატესობას იტალიელებს ანიჭებთ. მაშინ, შემთხვევით მოვხვდი პარიზში და მახსოვს გადაცემის ავტორმა დაგისვათ კითხვა: ვინ არის თქვენთვის, მსოფლიოში საუკეთესო ხალხი და თქვენ უპასუხეთ – იტალიელები. მახსოვს, წამყვანი განაწყენებული დარჩა. ეს ერთგვარი ხუმრობა იყო?

– ვერ ვიტყოდი რომ ვიხუმრე. მე ყოველთვის და მხოლოდ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. მე ვთქვი, რომ იტალიელები უფრო კარგები იყვნენ: და, ნამდვილად, ეს ასეა. იტალიელები ბუნებით არიან თბილები, ეს კი ფრანგებისთვის არაა დამახასიათებელი. ასე, მაგალითად, თუ რომელიმე ფრანგს ვთხოვ მიმასწავლოს ქუჩა, არც მიპასუხებს – დახმარებაც კი ეზარებათ, იგივე თხოვნით თუ მივმართავ იტალიელს, არა თუ მიპასუხებს, მიმაცილებს კიდევაც და ასე, გზა და გზა, მთელს თავის ცხოვრებას მომიყვება: სად დაიბადა, როდის, ვინ არიან მისი მშობლები, ბიძები, ბიცოლები, ბიძაშვილები და მაზლი. ეს თვისება ამერიკელებსაც არ გააჩნიათ, კი, ისინი დაგეხმარებიან, მაგრამ – ფულით. მახსოვს ერთხელ ვიღაცამ თქვა, სამწუხაროდ, ზუსტად არ მახსოვს ვინ, შეიძლება პირველად ამერიკელებმა არ დადგეს ფეხი მთვარეზე, მაგრამ ისინი ნამდვილად პირველები იქნებიან, რომლებიც ფულს მისცემენ მთვარის მაცხოვრებლებს.

– იტალიელებთან რამეს საერთოს თუ ამჩნევთ?

– საერთოს? რას ამბობთ?! მათგან ძალიან განვსხვავდები, ზედმეტად ჩრთილოეთელი ვარ.. ხომ გესმით რასაც ვგულისხმობ?

– მგონი, კი: რამდენიმე წლის წინ მითხარით: „განსხვავება ლათინოსებსა და ჩრდილოელებს შორის, ისაა, რომ თქვენ არაფრის გამო ბრაზდებით და ამას ყველას ანახებთ; მარტივად პატიობთ და ამასაც ყველას თანდასწრებით.ჩვენ მხოლოდ მაშინ ვბრაზდებით, როცა მართლა რაღაც სერიოზული ხდება და ამას არ ვასაჯაროვებთ; ზოგადად, რთულად ვპატიობთ ადამიანებს და ამასაც არ ვაფიშირებთ. თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ თქვენს მსგავსად არ განვიცდით და არ გვიყვარს, მაგრამ ეს, ნამდვილად, ასე არაა“ . მოკლედ, რაღაც მსგავსი. ამ შემთხვევაში კი თქვენ გულისხმობთ ამერიკასა და ევროპას.

– თავიდან, დიდად არ მაინტერესებდა ამერიკა და ევროპა. მხოლოდ წამატებაზე ვფიქრობდი. იცი, როცა ახალგაზრდა ხარ, ბევრს არ ფიქრობ, ან თუ ფიქრობ – მხოლოდ წამატების მიღწევაზე. ჩემთვის უმთავრესი იყო წარმატება. ახლა კი… ახლა არ ვიცი. წარმატებაზე როცა ვსაუბრობ, ვგულისხმობ პროფესიულ წარმატებას, ბევრი თვლის, რომ მსახიობს წარმატება ფულისთვისა და სახელისთვის უნდა. მე ამისთვის არასოდეს მდომებია. წარმატებაში იგულისხმება ნიჭი და მისწრაფება. გასაგებად ვხსნი? ჯანდაბა, რთული სალაპარაკოა! იმის თქმა მინდა, რომ ყველა რაღაც ნიჭით იბადება: ზოგს აქვს წერის ნიჭი, ზოგს კერვის, ზოგს მსახიობობის.. სწორედ ეს ნიჭია სიყვარული და მამოძრავებელი ძალა. როცა დიდი სიამოვნებით აკეთებ შენს საქმეს, მგონი ამას მხოლოდ წარმატებისთვის არ აკეთებ, ამის გარეშეც ჩადებ მთელს შენს გულსა და სულს, ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია.

career-ending-affairs-6

– გინდა თქვათ რომ კარიერა ოჯახზე მნიშვნელოვანია?

– ღმერთო ჩემო! როგორ შეიძება იმის თქმა, რომ კარიერა ოჯახზე უფრო მნიშვნელოვანია? ასეთი ფორმით ჩამოყალიბებული კითხვა, რაღაც საშინელ სურათს ხატავს, რადგანაც კარიერა გულისხმობს ფულსა და პოპულარობას. იმის თქმა მინდა, რომ როცა ახალგაზრდა ხარ სამსახური ოჯახზე მნიშვნელოვანი ხდება. ძალიან ცოტა მსახიობმა მიატოვა კარიერა, მხოლოდ იმიტომ, რომ ყოფილიყვნენ ცოლები და დედები, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წარუმატებელმა კარიერამ უფრო გაამარტივა არჩევანის გაკეთება. ერთადერთი გრეის კელი იყო, რომლემაც მაშინ დაანება მსახიობობას თავი, როცა წარმატების მწვერვალზე იმყოფებოდა. რატომ უნდა თქვას ქალმა ერთზე უარი და აირჩიოს მეორე? რატომ? იყო მსახიობი ქალი, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც უნდა იყო ანჩხლი ცოლი და უვარგისი დედა. მე არც ანჩხლი ცოლი ვარ და არც ცუდი დედა: გარდა ამისა, ვერასოდეს შევეგუებოდი იმ აზრზს, რომ სამუდამოდ მიმეტოვებინა ჩემი საქმე. შეიძლება მუშაობა ერთი კვირით, ერთი თვით, ერთი წლით შევწყვიტო, მაგრამ სამუდამოდ – არასოდეს.

 – იმის თქმა გსურთ, რომ თქვენთვს მსახიობობა ცხოვრების წესი და აუცილებლობაა? და მასზე უარის თქმა, ცხოვრებზე უარის თქმას უტოლდება?

– ზუსტად. მხოლოდ ამის თქმა მსურს და სხვა არაფრის.

– თუმცა, მოხუცებულობის დროს ძალიან ბევრი მსახიობი ქალი ანებებს ამ პროფესიას თავს: ძალა აღარ ყოფნით..

– გამოდის, მსახიობები არ ყოფილან. ნამდვილი მსახიობები ეტელ ბერიმორის წააგავენ: ისინი, ცხოვრების ბოლომდე დგანან სცენაზე. რატომ არ უნდა გააგრძელონ მსახიობობა? მოხუცი ქალი მსახიობებიც გვჭირდებიან. კინოსა და თეატრში მხოლოდ ახალგაზრდები არ თამაშობენ. მერწმუნეთ, ხშირ შემთხვევაში ეს დაუძლუერბასთან არაა დაკავშირებულები, ბევრი მათგანი, უბრალოდ, ვეღარ პოულობს როლს. ეს განსაკუთრებით მძაფრად სჩანს კინოში, აუდიტორია ითხოვს ახალგაზრდა, ლამაზ ქალებსა და ახალ სახეებს. როცა უდიდესი მსახიობი ასრულებდა ლედი მაკბეტისა და მედეას როლს, და უცებ, მას სთავაზობენ ბებიის ან ექთნის პატარა როლს..

– თქვენ არ გეშინიათ დაბერების?

– არა, არ მეშინია დაბერების. ჩემთვის სიბერე საინტერესო და სიმშვიდის მომტანია. იცი რა ხდება, როცა ბერდები გიმარტივდება ყველაფერზე „არას“ თქმა, მე ასე არ მოვიქცევი, მიხვდი, რომ არასწორია მსგავსი დამოკიდებულება. წლებთან ერთად სწავლობ და როცა ისწავლი, უკვე იმის აღარ გეშინია, რომ გაუშვებ შეცდომას: წინასწარ ხედავ შედეგებს.

– გამოდის, რომ გამოცდილება თავისუფლებაა, და, შესაბამისად, მოხუცებულობისას უფრო თავისუფლები ვხდებით? შეიძლება ასეცაა: მაგრამ ეს თავისუფლება ძალიან ძვირი გიჯდება, სიბერე სიკვდილის მოლოდინშია.

– მე არ მეშინია გარდაცვალების. თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი არაფერია, ახალგაზრდობაც კი. მაგალითად, ავიღოთ 25 წლის გოგო. კი, ბატონო, იყოს ეს გოგონა ინგრიდ ბერგმანი. ეს გოგო გარშემორტყმულია უამრავი ადამიანით, რომლებიც ეუბნებიან – ეს კი არა, აი, ეს გააკეთე, ამ ჟურნალთან ჩაწერე ინტერვიუ, რადგანაც მას კარგი იმიჯი აქვს, ამ როლს დათანხმდი – მომავალში გამოგადგება.. და ეს გოგო, გამოუცდელობის გამო, ყველაფერზე ამბობს „კი, კი, კი“ და სხვების დამსახურებით შეცდომას უშვებს. ასაკში შესულმა მოვიპოვე თავისუფლება, ახლა შემიძლია არა სხვების, არამედ საკუთარი შეცდომის დაშვება.

– თქვენ ხშირად იყენებთ სიტყვას „შეცდომა“. ამ რამდენიმე წუთში 5-ჯერ თუ 6-ჯერ გამოიყენეთ, ალბათ შეცდომის დაშვების იდეით ხართ შეპყრობილი, თითქოს გასევდიანებთ საკუთარი შეცდომები. ბევრჯერ შემცდარხართ?

– არა, არა. თან არასოდეს მინანია დაშვებული შეცდომები.. ხშირად ვიმეორებ: უკან რომ დავბრუნდე, მაინც იგივე შეცდომას დავუშვებ-მეთქი. ერთადერთი შიში დამიტირებია, ჩემს ცხოვრებაში არაერთხელ შემშინებია, ძალინ ბევრი ადამიანის გავლენის ქვეშ ვიყავი.

– საკუთარი თავისადმი ზედმეტად მკაცრი ბრძანდებით. მე ვთვლი, რომ თქვენ მამაცი ადამიანის ტიპური მაგალითი ხართ. ყოველთვის იმას აკეთებდით რაც გსურდათ: თქვენ გაუმკლავდით იმ უამრავ წყევლასა და შეურაცხყოფას, რომლესაც გაყენებდნენ. გიყვარდათ ის, ვინც რეალურად გიყვარდათ, ცოლად გაყევით იმას, ვისი ცოლობაც გინდოდათ, გაემგზავრეთ ამერიკაში….

– ეხ! ეს თქვენ გეჩვენებათ მამაცობად, ჩემთვის კი ეს ყველაფერი ძალიან საშიში იყო. ალბათ, სიბერეში უფრო გამბედავი გავხდი, თუმცა ახლა იმ პერიოდზე ვსაუბრობ, როცა თქვენ ჯერ არ მიცნობდით, ეს ხდებოდა ძალიან დიდი ხნის წინ, როცა ვიწყებდი ბერგმანად ჩამოყალიბებას. მაშინ ძალიან მეშინოდა და აქამდე მოსასვლელად, საკმად დიდი გზა განვლე… და ეს იყო ძალიან, ძალიან მტანჯველი.

– რას ფიქრობთ თქვენი პროფესიის გარე ფაქტორებზე? მაგალითად, იმაზე, რომ მე ახლა ჩართული მაქვს დიქტოფონი და ვიწერ ყველაფერს რასაც თქვენ ბრძანებთ. იგივე ხალხზე, რომელიც თქვენზე საუბრობს, ან ჟურნალები, რომლებიც გაკრიტიკებენ. მე ვფიქრობ, რომ ეს წარმატების ყველაზე ცუდი და მიუღებელი მხარეა. ეს ყველაფერი გაწუხებთ თუ გსიამოვნებთ?

– არ ვიცი. ვერ ვიტყოდი, რომ მაწუხებს.. არა. ნამდვილად არ შემიძლია ამის თქმა. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არანაირ სიხარულს არ მანიჭებს. ამაზე იმიტომ ვთანხმდები, რომ ესეც საქმის ნაწილია. ახლა, მაგალითად, ვასრულებ ჰედა გაბლერის (Hedda Gabler – ჰენრიკ იბსენის პიესა) როლს, მოდიან ჟურნალისტები და, რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ სწორია საზოგადოების ინფორმირება, და ვიწყებ ლაპარაკს, ვლაპარკობ.. ვლაპარაკობ… და ეს, ნამდვილად, არ მსიამოვნებს. უამრავი ჟურნალისტი მახვევია და ასე იყო – სულ… როცა ხალხი გეუბნება: „იცით ქალბატონო, ბერგმან, თუ არცერთი ჟურნალისტი, არცერთი ფოტოგრაფი აღარ გეძებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ აღარავის აღარ აინტერესებთ“, როც ამას მეუბნებიან, ვპასუხობ: – ხო, ალბათ ასეცაა. და, შესაბამისად, ვიღებ ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს. მაგრამ ეს არ ეხება რომს, იქ არავის ვიკარებ. რომი ეს წამებაა. ვერც პარიზში, ვერც ნიუ-იორკში, მხოლოდ რომში თუ წააწყდეთ მსგავს ფოტოგრაფებს..

ingrid_bergman_in_hedda_gabler__1962____bbc_1263

– რომში გააწანით ხო სილა ჟურნალისტს? ძალიან გაოცებული დავრჩი – რატომ დაარტყით?

– ბავშვების მოსანახულებლად ყოველ თვე ჩავდივარ რომში და ამ დროს, ყოველთვის, ამ დროს, მე და ჩემს შვილებს ფოტოგრაფები ფეხებში გვებლანდებიან. ამას აგრძელებენ სექტემბერშიც, ოქტომბერშიც, ნოემბერშიც, დეკემბერსაც და იანვარშიც: უშედეგოდ ვკითხულობ, ყოველ თვე ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე ბავშვები.. რატომ არ დაგვანებებთ თავს. რაც შეეხება იმ ფოტოგრაფს, ვერ ვიტყოდი, რომ სხვებზე უარესი იყო, უბრალოდ იმ მომენტში თავი ვერ შევიკავე. ქუჩაში ერთი საათი დამსდევდნენ, თან ძალიან ბევრნი იყვნენ. ბავშვებისთვის მინდოდა ფეხსაცმლების ყიდვა, ჟურნალისტებს ვთხოვე, მშვიდი შეძენის საშუალება მოეცათ ჩემთვის და შევედი ერთ-ერთ მაღაზიაში. ისინი გარეთ მელოდებოდნენ, შემდეგ ერთმა იკადრა ის, რაც სხვებმა არ იკადრეს – შემომყვა მაღაზიაში. არ შეიძლება ყველგან ცხვირის ჩაყოფა..

– ბევრი, ფოტოგრაფების გადამკიდე, აგრესიული და უხეში ხდება.

– მერწმუნეთ, მე არა. რაც უფრო მეტ ხანს ცხოვრობ, რაც უფრო მეტს იტანჯები – მით უფრო იზრდები: შეგნებულობა ძალიან მნიშნელოვანი რამ არის. და მე საკმაოდ შეგნებული ადამიანიი ვარ, და სწორედ ამიტომაც ვერ ვბოროტდები.

– არასოდეს იბოღმებით?

– არასოდეს! შეიძლება რაღაც მომენტში გავბრაზდე (როგორც ეს მოხდა იმ ფოტოგრაფთან), მაგრამ მალევე მავიწყდება. ან მხოლოდ ის მახსოვს, რომ გაბრაზებული ვიყავი და თუ რაზე – აი, ის აღარ. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ყველა წყენას გულში იტოვებენ. რა საჭიროა? თუ ფიქრობენ, რახან არ აპატიეს, ამით ტანჯავენ.. სისულელეა. ჩვენვე ვიტანჯებით ჩვენივე სიბრაზით.

– თქვენ რელიგიური ბრძანდებით?

– მე ვფიქრობ, რომ ყველა რელიგია კარგია, თუ ის სიკეთეს ქადაგებს, არა კაცთ კვლას, არა ქურდობასა და არა ძალადობას.. ვფიქრობ, რომ ყველა რელიგია კარგია. მე ისეთივე რელიგიური ვარ, როგორც უმრავლესობა. თუმცა ძალიან გადავარდნილიც არა.

– როგორად დაახასიათებდით თქვენს თავს: მორცხვად, ლიდერად, თავდაჯერებულად..?

– საქმეში ძალიან თავდაჯერებული ვარ, თუმცა ეს მხოლოდ საქმეს ეხება.. ვჯიუტდები მაშინ, როცა რაღაც აზრისა და იდეის მჯერა. ცხოვრებაში უფრო მორიდებული ვარ. მარტივად ვიღებ რჩევებს და მარტივადვე ვცლი გადაწყვეტილებებს…

– გახსოვთ ის წერილი, სადაც თქვენს ბიძაშვილს წერდით: “მე ვარ Flygande fagel…”

– შვედურად ეს გადამფრენ ჩიტს ნიშნავს. ეს ფრინველი არასოდეს ჩერდება ერთ ადგილას, გამუდმებით დაფრინავს. თან ეს არ არის მოკლე გადაფრენა, ის კონტინეტიდან, მეორე კონტინენტში მიფრინავს. დიახ, დღესაც ეს ფრინველი ვარ; არა მხოლოდ გეოგრაფიული მნიშნელობით.. Flygande fagel… ეს არის თავისუფალი ფრინველი, რომელიც ვერ ჩერდება ჩაკეტილ გარემოში.. მე არ მსურდა მხოლოდ შვედი მსახიობი ვყოფილიყავი, მინდოდა მსოფლიოს, სხვადასხვა ადგილების მონახულება და სხვადასხვა ხალხის გაცნობა.. Flygande fagel… როცა აღმოვჩნდი Hollywood-ის მშვენიერ კედლებში გამოკეტილი, მაშინ, უკვე ვეღარ შემეძლო ფრენა, ცხოვრება, სიყვარული და გაგება..

1962 წლის დეკემბერი. პარიზი

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s