პოლ ოსტერი ჯიმ ჯარმუშის ფილმზე – “ღამე დედამიწაზე”

jarmuschAusterCarney_6237godlis                                                                                                           პოლ ოსტერი და ჯიმ ჯარმუში

    როგორც შესავალი ტიტრებიდან ვიგებთ, ფილმი – „ღამე დედამიწაზე“  Locus Solus (ლათ. ‘განცალკევების ადგილი’) – ის წარმოებაა. უცნაური დასახელებაა, თავისთავად უცნობიც უმეტესობისთვის, მაგრამ სწორედ ეს დასახელება ძალიან კარგად ახასიათებს ჯიმ ჯარმუშის მხატვრულ გემოვნებას და ხელწერას – რასაც შეიძლება ვუწოდოთ „ჯარმუშის შეხება“: განუმეორებელი ნაზავი მშვიდი იუმორის, უჩვეულო ინტრიგებისა და მოხდენილად შექმნილი სურათებისა. Locus Solus არის სათაური მე–20 საუკუნის ექსცენტრიული ფრანგი მწერლის – რეიმონდ რუსელის რომანისა,  წიგნის, რომელზეც გიჟდებოდნენ სიურეალისტები, ხოლო გვიანდელ თაობაში ამერიკელი პოეტი  ჯონ ეშბერი – იმდენად, რომ მან თავის თანამემამულე მწერალთან, ჰარი მეთიუსთან ერთად გვიანდელ 50–იან წლებში დააარსა ჟურნალი სახელად…  Locus  Solus.

    ცოტამ თუ იცის, რომ ჯიმ ჯარმუშმა მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა. კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში  სტუდენტური ლიტერატურული ჟურნალის – The Columbia Review–ს თანარედაქტორი იყო. უმთავრესი გავლენა, ვინც მის ადრეულ ნაწარმოებებზე მოახდინა იყვნენ ჯონ ეშბერი, ფრენკ ო’ჰარა, კენეტ კოხი, რონ პაჯეტი და ნიუ იორკის სკოლის სხვა პოეტები. 50–იანი წლების ამერიკულ პოეზიაში არსებული ფორმალიზმის და აკადემიური სიმშრალის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით ხდებოდა სხვადასხვა სახის „აფეთქებები“:  ბიტნიკები,  Black Mountain Poets და ყველაზე მეტად მეამბოხე – ნიუ–იორკის პოეტების ბანდა. პოეზია უკვე აღარ აღიქმებოდა, როგორც მოუქნელი და მოსაწყენი ძიება უნივერსალური ჭეშმარიტებისა თუ ლიტერატურული სრულყოფის. სერიოზული, პრეტენზიული ამბიციების ადგილი დაიკავა რელაქსაციამ, თვითირონიამ, სამყაროს წვრილმანი სიამოვნებებით ტკბობამ. მაღალი ხელოვნების ცნება, როგორც ასეთი, მიტოვებულ იქნა, ადგილი დაეთმო ხშირ აშკარა ცვლილებებს ჟღერადობაში, მიდრეკილებას მახვილგონივრულობასა და აბსურდისკენ, დაირღვა კანონზომიერება და მოექცა პოპულარული კულტურის ურიცხვ ფორმებში. მოულოდნელად, ლექსები აივსო  სხვადასხვა კომიქსების პერსონაჟებითა და კინოვარსკვლავებით. ეს იყო წმინდად თვითმყოფადი ამერიკული ფენომენი, თუმცა პარადოქსია, მაგრამ ამ ტრანსფორმაციის დასაბამი დიდწილად  ევროპიდან მოვიდა, კერძოდ საფრანგეთიდან.

     თავისი რეჟისორული კარიერის დასაწყისში, ჯარმუში ერთგულად მიჰყვებოდა იმ პრინციპებს, რომლებიც ამ პოეტებიდან აითვისა.  მიუხედავად იმისა, რომ მისი სტილი წლების განმავლობაში ვითარდებოდა, მთელ ამ პერიოდში ერთი რამ მუდმივად უცვლელი იყო: მისი ფილმები არავისას არ ჰგავდა. განსხვავებით ამერიკელი რეჟისორების  უმრავლესობისგან, მას თავად ნარატივი, ამბავი ნაკლებად აინტერებს, ამის მაგივრად ურჩევნია ერთგვარი აბსურდული ისტორიები მოყვეს, არაპროგნოზირებადი პასაჟებით და უმისამართო გადახვევებით და ძირითადი აქცენტი იმაზე გააკეთოს, თუ რა ხდება მოცემულ, კონკრეტულ მომენტში. მიუხედავად იმისა, რომ მისი დიალოგებს აქვს მოუმზადებელი იმპროვიზაციული სახე (ნიუ იორკის სკოლის პოეტების მანერა), სინამდვილეში დაწერილია სალაპარაკო ენის მგრძნობიარე ნიუანსების მაქსიმალური გათვალისწინებით, როგორც ნამდვილი მწერლის ნაშრომი. მით უმეტეს, რომ მისი დასამახსოვრებელი პერსონაჟები, რომელთა ნაწილი უცხოელები არიან, ძალას არ ზოგავენ ინგლისური ენის ღრმად დასაუფლებლად. მაგალითად რობერტო ბენინი ფილმში „კანონგარეშე“ , არმინ მიულერ–შტალი ნიუ იორკის ეპიზოდში, ფილმში „ღამე დედამიწაზე“. 

    ჩემი განხილვის ძირითად საკითხთან მივდივარ. ამ ხუთ ნაწილიანი ფილმის სულ რაღაც ოცდასამი წუთის ხანგრძლივობის მეორე ეპიზოდი ჯარმუშის კვიტესენციას განასახიერებს. ერთ–ერთი ყველაზე სუფთა, მოხდენილად გადაწყვეტილი მაგალითი ჯარმუშისეული კინოს ფილოსოფიისა. არაფერი ხდება, ან იმდენად ცოტა რამ , რომ შეიძლება ამას ამბავი არც ვუწოდოთ. კაცი იყვანს ტაქსის მანჰეტენიდან ბრუკლინდამდე წასასვლელად. სულ ესაა. მაგრამ, ნებისმიერი წამი ამ მხიარული , სევდიანი და ექსცენტრიულად სასაცილო ჩანახატიდან არის დაუვიწყარი. 

1659420,2ZszRrdlkp7knRVmpJlEf6Rsa6WvealzJUF0yOC831AtcAt+Fsvlg6ONLfyZMTzjSXWrTFvr7eQHr2OVvq3ulg==                                                                        ჯანკარლო ესპოზიტო ფილმში “ღამე დედამიწაზე”

    მამაკაცი პერონაჟები ჯარმუშის ფილმებში უმეტესად არიან სიტყვაძუნწები, მორიდებულნი, სევდიანი მობუტბუტეები ( ბილ მიურეი „გატეხილი ყვავილები“, ტომ ვეითსი „კანონგარეშე“, ფორეს უიტაკერი „ძაღლი–მოჩვენება: სამუარის გზა“), რომელთა შორის ხანდხან შემოიჭრებიან ხოლმე ფეთქებადი ენერგიით დამუხტული, ლაქლაქა პერსონაჟები. არც ერთი ფეთქებადი პერსონაჟი არ არის ისეთი ცოცხალი, არც ერთი ლაქლაქა არ არის ისეთი დაქოქილი, როგორც ჯანკარლო ესპოზიტო მეორე ეპიზოდში ფილმისა „ღამე დედამიწაზე“. მისი შესრულება იმდენად ენერგიული და მძაფრად ორგანულია, თითქოს მისი დაუმორჩილებელი სხეული წუთი წუთზე მართლაც რომ აფეთქდება. მას შემდეგ, რაც ზანტი მონტაჟის საშუალებით შესავალ ნაწილში  ვარჩევთ ქალაქის უსიცოცხლო დეტალებს (ტელეფონის მოციმციმე ავტომატს, წარწერებით მოხატულ სატვირთო მანქანას), ისიც ჩნდება შუა თაიმზ–სქვერზე, გაყინულ ზამთრის ღამეში, უცნაურად ჩაცმული შავკანიანი გროტესკული ბეწვის ქუდით, ჩამოკიდებული ყურთათმანებითურთ და უიმედოდ ცდილობს გააჩეროს ტაქსი.  საყოველთაოდ ცნობილია, რომ შავკანიანი მამაკაცები, თუნდაც შავკანიანი მამაკაცები კოსტიუმსა და ჰალსტუხში, აწყდებიან დიდ სირთულეს ტაქსის აყვანისას. ესპოზიტოს გმირი უყვირის ყველა ჩამვლელ ტაქსის, გაშმაგებით უქნევს ხელებს, ცდილობს გააჩეროს რომელიმე, მაგრამ მისი ქმედება ამაოა. შემდეგ კი, სასწაული. ტაქსი აჩერებს, მაგრამ როცა ესპოზიტო ამცნობს მას, რომ ბრუკლინში უნდა წასვლა, მძღოლი მაშინვე აჭერს ფეხს გაზს და ადგილიდან წყდება. ეს კიდევ ერთი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ნიუ იორკულ ცხოვრებაში, და როგორც ბრუკლინის დიდი ხნის მაცხოვრებელმა, შემიძლია დავასაბუთო მისი უტყუარობა. ტაქსის მძღოლები თავს არიდებენ, რომ წაიყვანონ მგზავრები მანჰეტენიდან ბრუკლინამდე. რათა დაადასტუროს საკუთარი განზრახვის პატიოსნება, ესპოსიტო ნაღდ ფულს იღებს ჯიბიდან, ჰაერში აქნევს, ტაქსისტებს აჩვენებს, რომ მას შეუძლია გადაიხადოს და უბრალოდ სახლში უნდა წასვლა. კიდევ ერთი ტაქსი რომ ჩაუვლის გულგრილად, ხმამაღლა დაიწყებს ყვირილს „რა ხდება, ეს ოხერი, უჩინარი ვარ?“. ყურადღება გაამახვილეთ ამ სიტყვების თითქმის შეუმჩნეველ მინიშნებაზე: სიტყვა რასიზმი არც კი არის აქ ნახსენები, მაგრამ როგორ შეიძლება არ გაგვახსენდეს რალფ ელისონის რომანი „უჩინარი ადამიანი“, კლასიკური კვლევა იმისა, თუ რას ნიშნავს იყო შავკანიანი ამერიკაში.  იყო თუ არა ეს ჯარმუშისგან შეგნებული მინიშნება აღნიშნულ წიგნზე, ამას არ აქვს მნიშვნელობა.  ეს სიტყვები წარმოითქვა ბუნებრივად, ცოტა იუმორითაც კი, მაგრამ მაინც.. ისინი  ჯერ კიდევ მწარეა. 

   რამდენიმე წამში, მის გადამრჩენელად გვევლინება არმინ მიულერ–შტალის პერსონაჟი, რომელიც პირველად გამოვიდა სამუშაოდ სწორედ ამ ღამეს.  იგი კეთილგანწყობილი და გულუბრყვილო გამომეტყეველებით მიმართავს ესპოზიტოს აშკარა უცხოური აქცენტით: „Come in, sir.(შემობრძანდით,სერ)” ეს ბრწყინვალე გადასვლაა. უჩინარი ადამიანიდან ესპოზიტო უცბად გადაიქცა ჯენლტმენად. ირონია, რა თქმა უნდა, იმაშია , რომ ადამიანი რომელიც ესპოსიტოს ელაპარაკება სრულიად  გაუთვიცნობიერებელია იქაურ წეს–ჩვეულებებში. არც ერთი ამერიკელი არ გამოიყენებდა სიტყვას – „სერ”.  სწორედ ამიტომ შემოდის არაფრის მცოდნე ემიგრანტი, რომ გააკეთილშობილოს და ღირსების გრძნობა შემატოს ჩვენს უიღბლო მგზავრს.

00006003_NightOnEarth_003-1                                                                        არმინ მიულერ–შტალი ფილმში “ღამე დედამიწაზე”

    შემდეგ კი იწყება ყველაზე საინტერესო. როგორც კი ეს ორი ადგება გზას ბრუკლინისკენ, მთელი მოგზაურობა იჟღინთება კომიკური სიტუაციებითა და ვერბალური გაუგებრობებით. დავიწყოთ იქიდან, რომ მიულერ–შტალის პერსონაჟი  ავტომატურ რეჟიმში მანქანის მართვის აზრზე არაა. იგი რიგრიგობით აჭერს ფეხს ხან გაზის, ხან მუხრუჭის პედალს და საშინლად სასაცილოდ, ძალიან ნელი სიჩქარით, ბორძიკ–ბორძიკით მიჰყავს მანქანა. ესპოზიტო ისეთი გაღიზიანებულია, იმუქრება რომ გადავა და სხვა ტაქსის მოძებნის, მაგრამ მიულერ–შტალი ნაღვლიანად ეხვეწება, რომ დარჩეს. „You are my most best customer. It is very, very important to me. (თქვენ ხართ  ჩემი ყველაზე საუკეთესო კლიენტი. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის)”. ესპოზიტო ცოტა მოლბა, მაგრამ იმ პირობით დარჩება, თუ ისინი ადგილებს გაცვლიან და თვითონ მიუჯდება საჭეს. მიულერ–შტალი წინააღმდეგია, ამბობს, რომ ესე არ შეიძლება. ესპოზიტო კი მკვახედ განუცხადებს: “რა თქმა უნდა, შეიძლება. ეს ხომ ნიუ იორკია.”

      ესეც ასე. ორივე მათგანი გევრდიგვერდ ზის მანქანის სალონში, ყოფილი კლოუნი აღმოსავლეთ გერმანიიდან, სახელად – ჰელმუთი და შავკანიანი მამაკაცი ბრუკლინიდან, სახელად – იოიო, სპორტული სტილის, თითქმის იდენტური ქუდებით თავზე.  ამ უმარტივეს სიტუაციას ჯარმუში აგრძელებს ისეთი კომიკურ პასაჟებითა და აბსურდული დიალოგებით, ლორელისა და ჰარდის საუკეთესო ნომრებს რომ არ ჩამოუვარდება.  და როდესაც პაუზაა მათ საუბარში, ვხედავთ, ტაქსი ნელ–ნელა როგორ მიუყვება დაბინდულ ნიუ იორკს, რა დროსაც ისმის ტომ ვეითსის შთამბეჭდავი და განწყობის შემქმნელი მუსიკა.  თუმცა, როგორც კი განვეწყეთ საამური მგზავრობის საყურებლად, შემოდის მესამე პერსონაჟი და იწყება სრული ქაოსი.  ქვედა მანჰეტენის ქუჩას მიუყვება როუზი პერეზის გმირი, გამოწყობილი შავ მინი ქვედაბოლოსა და ღია ნარინჯისფერ ქურთუკში. როგორც ირკვევა, ის იოიოს ძმის ცოლი – ანჯელაა, რომლის ქუჩაში მარტო დანახვისას, იგი  სიბრაზისგან ცოფებს ყრის. ეს არის ფილმის ერთ–ერთ ყველაზე საუკეთესო ვიზუალური ეპიზოდი – იოიო აჩერებს ტაქსის, რომ ქუჩის კუთხეში ანჯელას დაეწიოს. კამერის ხედვის წერტილი ჰელმუთის თვალებია – ორი ბრუკლინელის ჩხუბის გრძელი კადრი – შემდეგ კამერა გვიჩვენებს ჰელმუთის ახლო კადრს , რომელიც იღიმის ამ ველური ჩხუბით აღფრთვანებული. 

     იოიო ტენის გაშმაგებულ ანჯელას ტაქსის უკანა სავარძელზე და როდესაც საჭეს ისევ უჯდება და მანქანას ძრავს, ეპიზოდის ტონალობა მკვეთრად იმატებს. ამ ორი კაცის უწყინარი  საუბარი ვიღას ახსოვს: იოიოსა და ანჯელას შორის ნამდვილი ომია გაჩაღებული, ეს არის შეჯიბრი ინფანტილურ წიოკში, რომელიც  ჯარმუშის ნამუშევრებს შორის  ერთ–ერთ ყველაზე ქარაფშუტული, სასაცილო და თავაშვებულად მგზნებარე დიალოგია (თუ შესაძლებელია მას დიალოგი დავარქვათ). როუზი პერეზი უბრალოდ კი არ ყვირის და წივის – ის გაჰკივის, და ისე ხმამაღლა, თავისი ცხვირში დუდღუნა, თითქმის არაადამიანური დიაპაზონით, რომ პირველი იმპულსი ყურებზე ხელის მიდების სურვილია. Fuck, fuck, fuck  – არის თითქმის ერთადერთი სიტყვა, რომელიც მისი პირიდან ამოდის. და თუ არ გვესმის Fuck,  მაშინ Asshole(პრ**ო). შიგადაშიგ ამას ერთვება ისეთი გემრიელი ფრაზები, როგორიცაა: „თავის მაგივრად ტრაკი გაქვს“. და, შემაჩნევს თუ არა ჰემლუთსა და იოიოს ერთნაირი ქუდები ახურავთ, ამბობს: „ეს რა ჯანდაბაა? როკი და ბულვინკლის შოუში მოვხვდი?“. აღარ ვლაპარაკობთ, ყველა სიტყვაზე რომ ისმის: shut up, shut up, shut up (მოკეტე, მოკეტე, მოკეტე).

MV5BMjIwOTExNTkwOF5BMl5BanBnXkFtZTcwMTMxMTMwNw@@._V1_SX640_SY720_

    მიუხედავად ამისა,  ჰელმუთი აღფრთოვანებულია ანჯელათი და მისი აზრით,ის ლამაზია.  როცა იგი თავის ორ კლოუნის საკრავზე უკრავს, ბოლოს და ბოლოს ანჯელას გაეცინება. შემდეგ კი, თითქმის ჯადოსნურად, მცირე პაუზაა, როცა ტაქსი ბრუკლინის ხიდზე გადადის.  ჩუმი, წყნარი სილამაზეა მათ  გარშემო. შემდეგ კი, კვლავ ჩხუბი იწყება. იოიო წუწუნებს, რომ ანჯელა ჩიხუახუას ჰგავს, რომელიც ყოველთვის ღრღნის მის კოჭებს. რაზეც ანჯელა პასუხობს, რომ თავისი დიდი კბილებით იოიოს დიდ ტრაკს დაუგლიჯავს, ამაზე ჰელმუთს ეცინება და თავისთვის ჩაიბურტყუნებს “კარგი ოჯახია,” და თითქოს მას ნამდვილად ასე სჯერა.   

    თავისთავად, მოგზაურება დასარულისკენ მიდის. მას შემდეცგ, რაც საბოლოო გინებას მოისმენს ანჯელასგან, იოიო რჩება ჰელმუთთან და უხსნის როგორ გაიკვლიოს გზა უკან, მანჰეტენისკენ. პასუხად, ჰელმუთი კლოუნის წითელ ბურთს იკეთებს ცხვირზე. ტაქსი იძვრება და კვლავ თავისებური მართვის ტაქტიკით, ორივე პედალზე დაჭერით, ბორძიკ–ბორძიკით მიაქანავებს მანქანას და როდესაც პირველ შესახვევს მიუახლოვდება, უხვევს მარცხენა მხარეს, ნაცვლად – მარჯვენისა. ჰელმუთი მარტოა, დაკარგული უცნობ სამყაროში. „ისწავლე ცოტა ინგლისური“ – თავის თავს ეუბნება. ბნელი ქუჩები, სინათლის უეცარი გაელვებები,  სირენების ხმაური შორიახლოს, მაგრამ პირველად ხდება, რომ მანქანა ბორძიკით აღარ მიდის. როგორც ჩანს, ჰელმუთმა  ალღო აუღო მანქანის ავტომატურ რეჟიმში მართვას. ტაქსი ნავივით მიცურავს ღამეში, დაუსრულებელ ღამეში დედამიწისა და როგორც კი, ჰელმუთი კლოუნის ცხვირს იშორებს, მის სახეზე შიში და შფოთვა ისადგურებს. იგი ჩაივლის ახლახანს მომხდარი საგზაო შემთხვევისა და მთელი რიგი პოლიციის მანქანების შორიახლოს და წამის შემდეგ ჩაიჩურჩულებს: „ნიუ იორკი… ნიუ იორკი.“

    და ასე მთავრდება ჯიმ ჯარმუშის პატარა პოემა ქალაქზე, რომელიც უყვარს. 

    პოლ ოსტერი არის ავტორი „ნიუ იორკული ტრილოგიის“, „ილუზიების წიგნისა“ და სხვა ბევრი რომანის, ასევე სცენარის ავტორი ფილმისა „კვამლი“. მისი ბოლო დროინდელი ნამუშევრებია რომანი „მოგზაურობები სკრიპტორიუმში“ და ფილმი „მარტინ ფროსტის სულიერი სამყარო“, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი თავადაა.

თარგმ. ნინო დოლიაშვილი

Advertisements

One comment

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s