პიტერ ბრუკი – როგორ შეიქმნა ფილმი „ბუზების მბრძანებელი“

current_72_082

     ყველაფერი, რაც მინდოდა, იყო ცოტაოდენი ფული, ბავშვები, კამერა და სანაპირო, სცენარი უკვე მქონდა. 

       ახალგაზრდა ამერიკელი, ლუის ალენი, მიხვდა, რომ შეიძლებოდა ისეთი კერძო სპონსორების პოვნა, ვინც დაინტერესებული იქნებოდა რამდენიმე ათასი დოლარის ჩადებით ამ ფილმში. თანხის მოძიების ეს გზა, თავისთავად დიდი ფულის დაკარგვის  ნაკლებ საშიშროებასთან იყო დაკავშირებული. მან და მისმა პარტნიორმა, დანა ჰოდგონმა სწორედ ასეთი გზით დააფინანსეს ფილმი „კავშირი“ და მათ შემოგვთავაზეს, რომ იგივენაირად მომეძიებინა სახსრები „ბუზების მბრძანებლისთვის“.

      ჩვენ უცნობი გზით მივდიოდით და ვიცოდით, რომ იღბალი და რწმენა იყო ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლებოდა გვქონოდა.

     საფრანგეთში მხატვრული ფილმები 150$–ად კეთდებოდა. 150$ დოლარი გადაღებების პირველ დღეს გეყოფოდა. შემდეგ ისე იქოქებოდა საქმე, რომ მეორე დღისთვისაც მზად იყავი. ამასობაში, იმდენს აკეთებდი პროდუსერების დასანახად, რომ ცოტას კიდევ გაცდიდნენ. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, იქამდე მიგვეღწია, რომ გადაღებები არ შეჩერებულიყო.

     მაიკ მაკდონალდი, რომელიც ნიუ–იორკში მყავდა ასისტენტად, გემების სადგომთან შორიახლოს ტრიალებდა და ფილმისთვის შესაფერის ადამიანებს აეკიდებოდა ხოლმე,  როგორც კი ისინი ამერიკის მიწაზე ფეხს დადგამდნენ. სხვადასხვა ცირკებში დახეტიალობდა, წერდა დიპლომატიურ ოჯახებს ვოშინგტონში, ნიუ–იორკის სატელეფონო წიგნებში პოულობდა სხვადასხვა კლუბების მისამართებს. მგონი, დაახლოებით სამი ათასი ბავშვი გავსინჯეთ, ყველას ძალიან უნდოდა ფილმში მოხვედრა, განსაკუთრებით მშობლებს უნდოდათ რომ მათი შვილები აგვეყვანა, გარდა იმისა, რომ რომანიც ძალიან აინტერესებდათ და ეკრანიზაციაც, ასევე ძალიან გაუხარდებოდათ, თუ იმ ზაფხულს ბავშვების გარეშე  მშვიდად დაისვენებდნენ.

     რალფი – მთავარი როლის შემსრულებელი ბიჭი საცურაო აუზზე ვიპოვეთ, იამაიკაზე, ერთ–ერთ სამხედრო ბანაკში, სულ რაღაც ოთხი დღით ადრე გადაღებების დაწყებამდე. რაც შეეხება პიგის, მისი როლზე დამტკიცება რაღაც ჯადოსნურად მოხდა: ფოსტით მივიღე ხაზიანი რვეულიდან ამოგლეჯილი ფურცელი, რომელზეც ერთი წინადადება ეწერა – „სერ, მე მსუქანი ვარ და სათვალეს ვატარებ“ და დაჭმუჭნული ფოტო, რომლის დანახვაზეც სიხარულისგან კივილი დავიწყეთ. ეს იყო ზედგამოჭრილი პიგი, აბსოლუტურად უნიკალური ბიჭი. დაბადებული ქემბერლიში ზუსტად ათი წლის წინ, მაშინ, როცა გოლდინგი იწყებდა ამ რომანის წერას.

81mynlUO+BL._SL1500_                                                               პიგი და რალფი ფილმში “ბუზების მბრძანებელი”

   პუერტო–რიკოს სანაპიროსთან ახლოს ვიპოვეთ კუნძული. ნამდვილი ველური სამოთხე. უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაჭიმული პალმის მწკრივები, რომელიც კომპანია „ვულვორთს“ ეკუთვნოდა. მათ დაგვითმეს ეს კუნძული მხოლოდ იმის საფასურად, რომ ტიტრებში ამ კომპანიის დასახელებას მივუთითებდით. 

      გადაღებების დაწყების წინ მტკიცედ განვაცხადე, რომ არავის არასდროს ეფიქრა ფირის დაზოგვაზე. მიუხედავად ცუდი ამინდისა, ავადმყოფობისა, სინჯების, განათების და აპარატურის არ არსებობისა, ჩვენ ვაგრძელებდით გადაღებებს. რამდენიმე კამერას დავაყენებდით, მივატოვებდით ჩართულს, გავიქცეოდით ბავშვებთან სალაპარაკოდ, მერე ისევ თავიდან ვიწყებდით და ასე. ეს ყველაფერი ძალიან დაეხმარა ფილმს.

     როცა გადაღებები დავასრულეთ, ხელთ გვქონდა სამოცი საათის ხანგრძლივობის უწყვეტი შავი მასალა – და მთელი ერთი წელი მონტაჟისთვის. ეს არ იყო იდეალური სიტუაცია, მაგრამ ეს იყო ჩვენი შრომის შედეგი. 

     მე ვთვლიდი, რომ გოლდინგის სრულყოფილი შედევრის სხვა ფორმით შემოთავაზების მიზეზი, პირველ რიგში შემდეგში მდგომარეობდა – მიუხედავად იმისა, რომ კინომ შეიძლება შეამციროს ჯადოსნურობის ელემენტი, ის სუფთა მოტივებს წარმოგვიდგენს.

      ეს წიგნი მშვენიერი იგავია – იმდენად მშვენიერი, რომ სასვებით შესაძლებელია ავტორის მომხიბვლელი პოეტური სტილით ჟონგლიორობაშიც კი შეეპაროთ ეჭვი. დაუძლეველი პოეტური სტილის ილეთად ჩაითვალოს და დაბრალდეს. ფილმის შემთხვევაში, ვერავინ შეძლებს  მზერები და ჟესტიკულაცია რეჟისორის ფანდებს მიაწეროს. აგრესიული ჟესტები, სიხარბისა და სხვადასხვა განცდების გამომხატველი სახეები – ყველა რეალურია.

    ყოველთვის კითხულობდნენ, აღიქვეს თუ არა მსახიობმა ბავშვებმა ფილმი და რა გავლენა მოახდინა მათზე. კადრს მიღმა მათი ურთიერთობების დიდი ნაწილი სწორედ ამ ისტორიის ანალოგიური იყო. 

     მეტსაც გეტყვით, ერთ დღესაც ჭკვიანი და მშვიდი პიგი მოვიდა ჩემთან, ლამის ტიროდა.  „მათ უნდათ დიდი ლოდის ქვეშ მოგაყოლონ“, სხვა ბიჭებს უთქვამთ მისთვის. „ის დაგეგმილი სცენა, პიგის  სიკვდილის.. მათ მართლა უნდათ ამის გათამაშება. და თქვენც აღარ სჭირდებით.“

      ჩემმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ერთადერთი  შეცდომა გოლდინგის იგავში დროის ხანგრძლივობაა, რაც ბავშვების ველურ სისასტიკემდე მისვლას ეთმობა. წიგნში   მოქმედება დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ვითარდება. მე მართლა მჯერა, რომ ბავშვები მარტო რომ ყოფილიყვნენ იქ, ჩვენს გარეშე, ჯინის ბოთლს საცობი მოეხდებოდა და სრული კატასტროფა შესაძლოა ერთ–ორ დღეში მომხდარიყო.

ამონარიდი პიტერ ბრუკის ავტობიოგრაფიიდან “მოციმციმე წერტილი”

თარგმ. ნინო დოლიაშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s