ჯუზეპე დე სანტისი – იტალიური პეიზაჟისთვის

   პეიზაჟის მნიშვნელობა, მისი, როგორც ძირითადი გამომსახველობითი საშუალების გამოყენება; გარემო, რომელშიც პერსონაჟებს მოუწევთ ცხოვრება, თითქოს მათზე ამ გავლენამ თავისი კვალი დატოვა, ისევე როგორც ეს დამახასიათებელი იყო ჩვენი დიდი მხატვრებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს პორტრეტის ფსიქოლოგიურ მხარეს ან კონკრეტული კომპოზიციის დრამატულობას, – მსგავსი პრობლემები ყოველთვის მარტივად გვარდება სხვა ქვეყნის კინოში, ოღონდ არა – ჩვენთან. თუ კარგად დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ უამრავ კინოსურათს, რომელიც სწორედ იმ ჟანრს მიეკუთვნება, სადაც პეიზაჟი გადამწყვეტ როლს ასრულებს („სამხრეთის ზღვების თეთრი ჩრდილები“, „ტაბუ“, „მე კუბა“) და უნდა ვაღიაროთ, რომ კინო, ამ დეტალს, სულ უფრო და უფრო საჭიროებს, ხოლო მაყურებლისთვის, რომლის მთავარი მოთხოვნა „ყურებაა“, ეს დეტალი ყველაზე უშუალო და საუკეთესო საკომუნიკაციო საშუალებად იქცევა.

1980583_10200701286135039_1431055434_n
     ზემოთ ნახსენები ფილმების განსაკუთრებულ ხასიათს თუ არ ჩავთვლით, უდაოდ, მათი მიმზიდველობა იმ გარემოთი გამოიხატება, რომლის ხელოვნურად მიღწევა შეუძლებელია, სწორედ ამ გასაოცარი ბუნების დახმარებით ვაღწევთ პერსონაჟების სულში. სხვანაირად როგორ შეიძლება, ამ ყველაფრის გარეშე, გავიცნოთ და გავუგოთ ადამიანს, თუ მას ყოველდღიურ გარემოს მოვაშორებთ, იმას – რასთანაც სამუდამოდაა დაკავშირებული? თუ ეს მისი სახლის კედლებია, მაშინ ამ კედლებს უნდა ეტყობოდეს მისი ხელი, მის გემოვნება, მისი ხასიათი. თუ ეს ქალაქის ქუჩებია, ადგილი სადაც ის სხვა ადამიანებს ხვდება, მაშინ ეს კონტაქტი არ უნდა იყოს შემთხვევითი, ის უნდა ატარებდეს განსაკუთრებულ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ შტრიხებს. (ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრუნეს „ქუჩა“ და ვიდორის „ბრბო“); ეს შეიძლება იყოს საშიში ჩაფლობა, ან ადამიანის გარშემორტყმულ გარემოსთან შერწყმა, რომელიც მასზე ბატონობს და ცდილობს ის თავისი თავის მსგავსი გახადოს. რა თქმა უნდა ვერაფერს ახალს ვერ დავუმატებთ იმ აზრს, რომ პეიზაჟი – ადგილი, სადაც ადამიანი დაიბადა და გაიზარდა – უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, სწორედ გარემო განგვასხვავებს ერთმანეთისგან. სამწუხაროდ, იმენად დავკარგეთ ეს ღვთაბერივი ნიშა, რომ დღეს, სიცილეილ გლეხს ვერაფრით განვასხვავებთ მთიანი რეგიონის – ვენეცია-ჯულიას გლეხისგან.

      კინო, ხელოვნების სხვა ჟანრისგან გასხვავებით, ჩვენში ერთდროულად, ყველანაირ ემოციას აღძრავს და სწორედ ამიტომაც, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა გამოიყენოს ის საშუალებები, რა საშუალებებითაც აღწერს გარემოს. მთავარია ის გარემო, სადაც ხალხი ცხოვრობს იყოს დამააჯერებელი, თუნდაც ეს დამაჯერებლობა ხელოვნური გზით იყოს მიღწეული.

      ეს ტენდეცია შეგვიძლია შევადაროთ ამერიკულ კინოში ვესტერნის დაბადებას, და თუ თავიდან ის ზედმეტად იყო მაყურებლის მოთხოვნაზე მორგებული და ინსტინქტური, რუსულ კინოში – ის გადაჭარბებულ, ესთეტიკურ დახვეწილობაში გადადიოდა.

      ჩვენი აზრით, ამ ორ შორის ჰარმონიას მხოლოდ ფრანგებმა მიაღწიეს. ჟან რენუარმა (მხატვარ – ოგიუსტ რენუარის ვაჟმა) თავის ფილმებში, როგორიცაა „დიდი ილუზია“, „ადამიანი მხეცი“ ისეთი ეპიზოდები შექმნა, რომელიც კინო ისტორიაში კლასიკური მაგალითის ადგილს დაიკავებს.

      სხვაგან სად შეძლებთ მსგავსი გარემოს შექმნას, სადაც თითოეული დეტალი ხაზს უსვამს და წარმოაჩენს პერსონაჟების დრამას. მას ჩარევის გარეშე ქმნიან და ეს ელემენტები, რომელიც შინაგანი გაღვიძების წინაპირობა ხდება – მსახიობურ თამაშს უწყობს ხელს. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ადამიანი ვეღარ ახერხებს საკუთარი თავის წარმოჩენას, სწორედ ამიტომაც, – აცხადებს რენუარი, – ამ ჩავარდნის აღმოსაფხვრელად ჩვენს გარშემო არსებული ყველა საშუალების გამოყენებაა საჭირო. მაგალითად, როგორც ეს ხდება „დიდ ილუზიაში“, სადაც ფრანგი ტყვეები გერმანიის ტერიტორიის ერთი სივრციდან, მეორეში გადადიან. ნელ-ნელა, ფრანგი ტყვეების თვალწინ იცვლება პეიზაჟი; ორ, მშიერ არსებას შორის ჩხუბი, რომლებმაც თითქმის მიაღწიეს შვეიცარიის საზღვარს. ამ სცენას კიდევ უფრო მძიმე სანახაობად აქცევს ზამთრის უნუგეშო და გაღატაკებული პეიზაჟი. “ადამიანი მხეცის“-ის ეპიზოდი, როცა ჟაკ ლანტე აღწევს კრიტიკულ მომენტს და ცდილობს, რკინიგზის ლიანდაგზე გოგონას დახრჩობას, ამ დროს, ზუსტად ამ მომენტში, გაისმის მატარებლის ხმა, რომელიც მათ წინ გრგვინვით ჩაიქროლებს. შემდეგ იშლება ჩრდილოეთ-დასავლეთ საფრანგეთის ადამიანებისგან დაცლილი, დანგრეული რკინგზის სადგური. ხეივნის გასწრივ, ზეთისხილის ხეების მსგავსად ჩამწკრივებულ ტირიფებს, კვალდაკვალ მიუყვება მატარებელი. შემთხვევითი არ არის მსგავსი ლექსის დაბადება:

„როცა ვზივარ და ვტკბები უსაზღვრო სივცრით,
ვეფლობი უცნაურ, მომაკვდინებელ სიმშვიდეში,
მე ვეძებ ხსნას ჩემს ფიქრსა და გონებაში,
რომელიც წამით ივიწყებს შიშს“.

     რენუარზე საუბრისას ჩვენ ვახსენეთ მამამისი. როცა ხარ დიდი მხატვრის შვილი, თავისთავად გერგება მემკვიდრეობით მისი გენიის წილი. მხატვრობამ, უდაოდ, ამ რეჟისორის აღზრდაში დიდი როლი შეასრულა. მას თვალწინ გაეშალა ბევრისთვის შეუმჩნეველი და უცნობი სამყარო. ნუთუ, ჩვენი რეჟისორები არასოდეს დაფიქრებულან თუ როგორი მნიშვნელოვანია მათთვის მხატვრობის შესწავლა? და ნუთუ ჩვენ, რენუარზე უფრო დიდი მხატვრები არ გვყოლია?

      იქნებ, იტალია „პეიზაჟის“ მხრივ ღარიბია? მოიცა და, ეს ის მიწა არაა, რომელის სილამაზეც ბევრს შურს? და ამ დროს, მისი უკეთ წარმოჩენისთვის რას აკეთებენ ჩვენი რეჟისორები ან ისინი – ვისაც რეჟისორებად მოაქვთ თავი? რა აზრი აქვს ამ სილამაზის ფლობით ტკბობას თუ არ დაამტკიცე მისდამი სიყვარული და ის, რომ იმსახურებ მის სილამაზეს.

   ნამდვილ, იტალიურ კინოზე საუბრისას, იშვიათ გამონაკლისად შეგვიძლია დავასახელოთ ფილმები „ფოლადი“, „1860“ (ალესანდრო ბლაზეტი 1934 წ.),“ბებერი გუშაგები“ (ალესანდრო ბლაზეტი 1934წ.), მიუხედავად მათი არასრულყოფილებისა, ნუთუ ამ გამომხატველ სულს არ უნდა ქონოდა გაგრძელება? ეს რატომ არ მოხდა? ვის მიუძღვის ბრალი?

     იმედის მომცემია მარიო სოლდატის „ძველი, პატარა სამყარო“ (1941 წ.), თემაზე, სწორედ ამ ფილმა ჩაგვაფიქრა თემაზე და მასზე საუბრითაც დავასრულებთ. პირველად, იტალიურ კინოში ვხდებით ისეთ პეიზაჟს, რომელიც არა ბუნდოვანი, უხეში ან ფერწერით წამხდარი, არამედ – პერსონაჟის ბუნებასთან ახლოს მდგომია, სწორედ ეს ემოციური თანხვედრა და მხატვრული ელემენტი გადმოსცემს მათ გრძნობებს. მახსენდება მილანის ალიონზე ფრანკოს გამგზავრება და ლუიზა, რომელიც ნაპირზე მდგომი აცილებს მას. როცა ის თვალს შორდება, პეიზაჟი ფრანკოს ნავთან ერთად ირყევა. ფილმში, ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდებად ის სცენები გვეჩვენება, რომელშიც ზემოთ ნახსენები ელემენტებია გამოყენებული. პირველ რიგში, სოფლის მეჯლისი, და მერე – ომბრეტას გარდაცვალება, ეს ის სცენაა, როცა ლუიზა წვიმაში ხვდება მარკიზსს და სოფლის კიბეზე, სამი ქალბატონი მას ამ უბედურ შემთხვევას ატყობინებს.

10002649_10200701285855032_241035714_n10009437_10200701285895033_1792541361_n1800812_10200701285935034_1149305575_n

გაიხსენეთ, თუ როგორი ცივი და უადგილოა იგივე პეიზაჟი დიუვივეს „თეთრ წიგნაკი“-ში.

    ვისურვებდი, რომ საბოლოოდ მოგვეშორებინოს მავნე ჩვევა და დოკუმენტური მასალა კინოსგან განცალკევებით არ განგვეხილოს. ჩვენსნაირ ქვეყანაში ამ ორი ელემენტის შერწყმით, შესძლებელია ეროვნული კინომატოგრაფიის ფორმულის ფორმირება და განვითარება.

ამის საუკეთესო მაგალითია — «სიკვდილის პირას მისულნი».

უფუნქციოა პეიზაჟი ადამიანის გარეშე და, პირიქით – ადამიანი პეიზაჟის გარეშე.

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s