ჟაკ ტატი – გართობა და თამაში მისიე ულოსთან ერთად

tatisculpture

    თუ თქვენ ჟაკ ტატის განუცხადებდით, რომ მისი ფრენა გადაიდო, გიპასუხებდათ, შესანიშნავია – და ჩამოჯდებოდა, მისი აზრით , „წლის საუკეთესო ფილმის“ სანახავად: ეს იყო ხალხის ავლა–ჩავლა. დაკვირვების მეშვეობით ის აგროვებდა ყველა იმ მასალას, რომელიც იმ ოთხი ფილმისთვის სჭირდებოდა, თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში რომ ქმნიდა. ტატის მოსწონდა თავის თავს „კინოს დონ კიხოტს“ რომ უწოდებდა, რომელიც მისი იდეალისტური ბუნების, ფანტაზიის უნარისა და კეთილშობილების შერწყმას უსვამდა ხაზს. მისიე ულოს მომხიბვლელი, მორიდებული კომიკური პერსონაჟი ისაა, ვისთანაც ყველაზე ხშირად და კეთილგანწყობით ასოცირდება. მაგრამ, ტატის შემოქმედება შეუძლებელია დაყვანილ იქნას მხოლოდ მოკლეტოტებიან შარვალში ჩაცმული კაცის პერსონაჟამდე. მისი ფილმები – დაწყებული 1949 წლის, ადრეული ბურლესკიდან „ზეიმის დღე“, 1967 წლის „გართობის დროს“ უაღრესად სტილიზირებულ მოდერნიზმამდე – შესაძლოა, დიდად ინტელექტუალურ გზავნილს არ შეიცავდეს, მაგრამ ეს ნამუშევრები საუცხოო აღმწერია მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საფრანგეთისა.

      ჟაკ ტატიშჩევმა (მოგვიანებით შეიმოკლა გვარი, ადვილად აღქმადობისთვის) თავისი პირველი ფილმი რომ გადაიღო, დაახლოებით 40 წლის იყო. მოზარდობის წლებს სკოლის გაცდენაში, რაგბის თამაშსა და მეგობრების გამხიარულებაში ატარადებდა, როცა მატჩის შემდგომ მათთან ერთად დალევისას, სხვადასხვა იმპროვიზაციულ კომიკურ სცენებს დგამდა. 1930–45 წლებში ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ვოდევილებში გამოდიოდა, სადაც შეიტყო, რომ კარგ კომედიას საგულდაგულო მომზადება სჭირდებოდა, ყველა წვრილმანი დეტალის გათვალისწინებით. თუმცა, ეს მაღალი, შთამბეჭდავი გარეგნობის კაცი, რუსული არისტოკრატიული ფესვებით, რეალურად ნაკლებად შესაფერისი იყო კომიკური როლებისთვის, რომლებიც ძირითადად დაბალი ბიჭებისთვის იყო განკუთვნილი, კიტონისა და ჩაპლინის მსგავსად, რომელთაც თავიანთი ანგარიშები ჰქონდათ გასასწორებელი, გამოწრთობილებს  გაჭირვებული ბავშვობითა და მოძალადე, ლოთი მამებით. ტატი 1907 წელს დაიბადა და იზრდებოდა მოსამსახურეებით სავსე დიდ ოჯახში, ვერსალის სასახლესთან ახლოს. არდადეგებს დოვილში ატარებდა, მის მშობლებს საკუთარი ჩარჩოების მაღაზია ჰქონდათ პარიზის ცენტრში, ვანდომის ფეშენებელურ მოედანთან შორიახლოს. იქ ისინი ხვდებდნენ  იმ დროის ყველა დიდ მხატვარს და ვარაუდობდნენ რომ მათი შვილიც ამ საქმეს გააგრძელებდა.

         მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ტატიმ გადაწყვიტა ჩამოშორებოდა სცენას და ხელში კამერა აეღო. ეს ცვლილება არ იყო გასაკვირი: მუსიკალური დარბაზები უკვე სულს ღაფავდნენ, კინო კი ხალხის მასას იზიდავდა. ტატის უკვე ჰქონდა მცირე სამსახიობო გამოცდილება ომამდე გადაღებულ ფილმში „ოსკარი, ჩოგბურთის ჩემპიონი“ და რენე კლემანის მშვენიერ მოკლემეტრაჟიან ფილმში „ავარჯიშე მარცხენა“, სადაც ერთი სოფლელი ბიჭი ცდილობს ოსტატი მოკრივე გახდეს. ამ ფილმს, ისევე როგორც, თავისივე მოკლემეტრაჟიან „ფოსტალიონის სკოლას“(1947), იშვიათად კინოფესტივალებზე აჩვენებენ, რეტროსპექტივის სახით, და ერთი სიამოვნებაა თვალი ადევნო ენერგიით აღსავსე ტატის და მის იმ ჩანახატებს, რაც მოგვიანებით სრულად ჩამოყალიბდება შედევრებში.

19534544_20130624125725941                                                                                                               “ზეიმის დღე” 

     ტატის პირველი სრულმეტრაჟიანი კინოსურათი – „ზეიმის დღე“(1949), პასტორალური ბალადაა, სადაც ველოსიპედზე შემომჯარი ტატი ადგილობრივ ფოსტალიონ ფრანსუად გვევლინება, რომელიც საოცარი ენთუზიაზმით გამოირჩევა, თუმცა მაინც ახერხებს დააგვიანოს ამანათებისა და წერილების ჩამორიგება, იმის გამო, რომ ერთი–ორი ჭიქა კონიაკი გადაკრას და უცერემონიო ძიგძიგით ჩაერთოს კაფეში გამართულ ცეკვაში. მაგრამ იგი თავმოყვარე კაცია, და როდესაც მთელს სოფელში  სუპერ–ეფექტურ ამერიკულ საფოსტო მომსახურებაზე გავარდება ხმები, ფრანსუა მთელი ძალით ცდილობს თავის სიმაღლეზე დარჩენას. კომიკურმა და ცოცხალმა ფილმმა მალევე მოიპოვა დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება: გაჭირვებული ფრანგი მოსახლეობა მოხარული იყო, რომ თავიანთი ომის შემდგომი პრობლემები დაავიწყა ამ სურათმა, და ასევე მოიხიბლა საერთაშორისო პუბლიკაც, რომელიც დიდი ინტერესით ელოდებოდა ახალ, სახასიათო  ფრანგი რეჟისორს.

      „ზეიმის დღეში“ ერთ წყნარი ცხოვრების წესს და რითმს მეორე  – უფრო სხარტი, ქმედითი და დინამიური ცხოვრების წესი და რითმი უპირისპირდება – და ეს წინააღმდეგობა ტატის თითოეულ ფილმში გვხვდება. მაგრამ ეს არ არის რეაქციონელური კრიტიკა თანამედროვეობის მანკიერებებისა. ამგვარ იდეოლოგიურ განმარტებას – ტატის ერთდროულად  მიიჩნევდნენ კონსერვატორად და რევოლუციონერად, რომელიც პროგრესსაც აკრიტიკებდა, და ასევე ამერიკულ კაპიტალიზმსაც – უპირისპირდება მისი ფილმების ფორმა და გადაღების მანერა. ტატი ცდიდა და ითვისებდა უახლეს ტექნოლოგიებს. „ზეიმის დღეში” იგი ინარჩუნებს მუნჯი ბურლესკის თარგს, მაგრამ აგრეთვე იყენებს პოსტ–სინქრონული გახმოვანების ყველა შესაძლებლობას, ყურადღებით შერჩეულ  ხმებს  ადებს სცენებს, მაგალითად, ეკლესიის ზარების, ველოსიპედის ბორბლების ტრიალის, მამლის ყივილის, ფუტკრების ბზუილის – რათა, მიიპყროს მაყურებლის ყურადღება. აღნიშნული ფილმი პირველი ფერადი ფილმი იყო საფრანგეთში, თუმცა ლაბორატორიებში ამ ფირის გამჟღავნება 1995 წლამდე ვერ შეძლეს.

       1953 წელს ტატიმ არ გაითვალისწინა მოწოდებები, კვლავ ფოსტალიონის მასხარაობებზე გადაეღო ფილმი და ამის მაგივრად შექმნა „მისიე ულოს არდადეგები“ და მოგვივლინა მორცხვი, შებოჭილი, მოხდენილად მოუქნელი პერსონაჟი – ულო. გამიზნულად არატიპიური ფრანგი კაცი –  გრძელ პალტოში,  და თვალში მოსახვედრ ზოლიან წინდებში, შარვლის ტოტებიდან რომ მოუჩანს, – წარმოგვიდგა როგორც კონტრასტულად განსხვავებული კომიკური ტიპაჟი, რომელიც არ გავდა გონიერ, სახუმარო სიტუაციების შემქმნელ და პრობლემების გადაჭრის ოსტატ ჩაპლინის მსგავს პერსონაჟებს. ულო სულ უხერხულ სიტუაციებში ვარდება ზღვისპირა კურორტზე არდადეგების განმავლობაში, და ამ უხერხულობებისგან თავის დაღწევა, ესეც თუ საერთოდ ხერხდება, მხოლოდ შემთხვევითობაზე და ალალ ბედზეა დამყარებული. ამ ყველაფრით ტატი ცდილობდა მისი კომედისთვის ახალი, უფრო დემოკრატიული ელფერი მიეცა. სინამდვილის ახლებურად წარმოსაჩენად ტატი უფრო კონცენტრირდებოდა სხვადასხვა ხმების შეხამებაზე, როგორც დიალოგის ამ გზით ჩანაცვლების ხერხზე. მისი სკურპულოზური ყურადღება დეტალების მიმართ ძალღონეს აცლიდა თავის მსახიობებსა და შემოქმედებით ჯგუფს. ეს ფილმი მან ვერასდროს ვერ დაასრულა ისე, როგორც უნდოდა. ბოლო ფესტივალზე რეტროსპექტივის დროს „მისიე ულოს არდადეგების“ მესამე ვერსია აჩვენეს, რომელიც ტატიმ გააკეთა, იმ დამატებითი ეპიზოდის ჩათვლით, რომელიც მან 25 წლის დაგვიანებით გადაიღო.

mon_oncle_10                                                                                                                     “ჩემი ძია”

      ხუთი წლის შემდეგ ტატიმ მისიე ულო დააბრუნა ფილმში „ჩემი ძია“. ფილმი სწორედ იმ პერიოდში იქნა გადაღებული, როდესაც საფრანგეთი იწყებდა „ამერიკული ოცნების” ატრიბუტების ხარბად ათვისებას, რომელთა შორის იყო ავტომობილები, ტელევიზორები, სამზარეულოს მოწყობილობები. მოგვიანებით, სწორედ ამ ფილმზე საუბრისას, რომელიც თითქოს კაპიტალიზმის კრიტიკადაც იქნა აღქმული, ტატიმ იხუმრა: “პირველი ნაპერწკალი, 1968 წლის გამოსვლებისთვის(იმ ანტიკაპიტალისტურ, სტუდენტურ გამოსვლებს გულისხმობს) მე არ დამინთია, თუმცა…”. ტატი, რა თქმა უნდა, ზუსტად ააშკარავებდა სისტემის ხარვეზებს, მაგრამ „ჩემი ძია“ ასევე მოიცავდა კეთილგანწყობილ ინტერესესს, ოკეანის გაღმიდან შემოსული ყველა იმ ახალი, თავბრუდამხვევი საშუალებების მიმართ. ფილმში კვლავ კონტრასტულად უპირისპირდება ერთმანეთს – ულოს სამოსახლოს სამყარო პატარა ქალაქის ძველ უბანში და შორიახლოს მდებარე ახალი ქალაქი, სადაც მისი და ცხოვრობს – სტილიზირებულ სახლში თევზის ფორმის შადრევნებით, სუპერ–თანამედროვე სამზარეულოთი, ლობიოს ფორმის, გრძელი, მწვანე დივნებით – ეს უკანასკნელი, ამჟამად, ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დგას. ახალგაზრდა ტრუფომ აღნიშნა, რომ „ჩემი ძია“ არც ერთ იმდროინდელ სხვა ფილმს არ ჰგავდა, გაოცებული იყო ტატის უნარით, გადმოეცა თანამედროვეობა ფერების ასეთი ჯადოსნური შეხამებით, კამერის ასე გამოყენებით, მონტაჟითა და ხმის რეჟისურით.

      „ჩემმა ძიამ“ ტატის სახელი გაუთქვა: ფილმმა ოსკარი მიიღო, ელისეის სასახლეში მას უკვე დე გოლი ართმევდა ხელს, ჰოლივუდში დინ მარტინსა და სოფი ლორენთან ერთად უღებდნენ ფოტოებს და სამი თვის განმავლობაში თავისი პროგრამით გამოდიოდა “პარიზ ოლიმპიას” დარბაზში ედიტ პიაფის მაგივრად, როდესაც ის ავად იყო. თუმცა, ულოს სახალხო პოპულარობა ტატის თრგუნავდა: ის ყველასათვის კომფორტულად შინაური გახდა. ეს მას ახსენებდა ხალხის რეაქციას ვოდევილებში გამოსვლის წინ, როცა მათ საყვარელ სიმღერას აცხადებდნენ: აპლოდისმენტები შესრულებამდე.

tati-ville-2

       ასე რომ, 1967 წელს ტატიმ თავის მეოთხე და უკანასკნელ მთავარ ფილმში ულო ხალხში დააბრუნა.  „გართობის დრო“ დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა შავ ლაქად მის სარეჟისორო კარიერაში, ფილმად, რომელიც კატასტროფით დასრულდა და სიცილი ჩაკლა კინოთეატრებში. მის გამო რეჟისორი გააკოტრდა და იძულებული გახდა სახლი გაეყიდა, მან თავის ფილმებზე უფლებები დაკარგა და გვიან 70–იანებში იოგურტისა თუ ბანკის რეკლამების კეთებით გაჰქონდა თავი. ყველაფერი შესაძლოა სხვანაირად ყოფილიყო, თუ ტატი დათანხმდებოდა შემოთავაზებებს, რომ ულოს თავგადასავლების ციკლი გადაეღო: „ულოს არდადაგები 2“, „ულო ცოლს ირთავს“ ან – გინდ დაიჯერეთ,  გინდ არა – „ულო ხვდება მარსიანელებს“. მაგრამ, ტატი არ დანებდა და თავბრუდამხვევად ამბიციურ პროექტს – „გართობის დროს“ შეუდგა. გადასაღები ადგილების ძიებამ შედეგი ვერ გამოიღო, ასე რომ, ტატიმ გადაწყვიტა თავისი საკუთარი ქალაქი აეშენებინა. „ტატივილის“ აშენებას თითქმის სამი წელი დასჭირდა. ქალაქში იყო ოთხსართულიანი შენობები ცენტრალური გათბობით, გზები, შუქნიშნები, ავტობუსები, ავტომობილები და ოცდახუთი მეტრის სიმაღლის ეიფელის კოშკი. გადამღები ჯგუფი  დაბანაკებული იყო მინი–გარეუბანში, თავისი მიწისქვეშა წყალმომარაგების სისტემით. ყველაფერი რომ ჯეროვნად აესახა, ტატი 70მმ–იანი ფირით იღებდა და ექვს სხვადასხვაგვარ  ხმის ჩამწერ სისტემას იყენებდა.

      გადაღებების  პერიოდში მას მეტსახელად „ტატილონი“ შეარქვეს – იყო რა მეტისმეტად მომთხოვნი, წუნია – ყველა წვრილმანს აქცევდა ყურადღებას და ყველა პროცესში იყო ჩართული: ტატი იყო ფილმის რეჟისორი, არქიტექტორი, ელექტრიკოსი, დიზაინერი და მსახიობი. ტატის კვლავ დასდეს ბრალი რეაქციონერულ განწყობებში, მაგრამ მან კრიტიკოსებს უპასუხა, რომ შეეხედათ ფილმისთვის. „მე რომ თანამედროვე არქიტექტურის წინააღმდეგი ვყოფილიყავი,  ყველაზე უშნო შენობებს შევარჩევდი“, თქვა ტატიმ და მიანიშნა, რომ მისი ნაგებობები მშვენივრად გამოიყურებოდა, „მათ ულამაზესი შტრიხები აქვთ“. მართლაც, ტატივილი არასდროს ჩაფიქრებულა როგორც ანტიუტოპია. ეს ტატის ოცნება იყო. ერთადერთი ის აშინებდა მას, თუ საით შეიძლებოდა ეს ოცნება შეტრიალებულიყო. ტატი არ ეწინააღმდეგებოდა იმას, თუ როგორ იცვლებოდა მსოფლიო, თუმცა მან ბოლოჯერ, გამბედავად სცადა, რომ გაეკეთილშობილებინა სამყარო ამ ტრანსფორმაციის პროცესში.

    tati-ville                                                                                                                       ტატივილი     

        1967 წელს „გართობის დრო“ ეკრანებზე გამოსვლისთანავე ჩავარდა. ხალხი მშვიდად იყო, ყველა ულოს ეძებდა, ხოლო დისტრიბუტორებმა ფილმის ქრონომეტრაჟი ორ საათამდე შეამცირეს. იმდენი რამ იყო დასანახი და მოსასმენი, მაგრამ ფილმი სწორედ იმ დროს გამოვიდა, როცა მყურებელი თავის პატარა ეკრანიანი ტელევიზორების ყურებას ეჩვეოდა და ეს დასანახი და მოსასმენი ნაკლებად აინტერესებდა. ტატიმ ვერ შეძლო უკან ამოეღო ის ფული, რაც „გართობის დროში“ ჩადო და მისი იდეა, რომ ტატივილი კინო–სკოლად დარჩენილიყო ვერ განხორციელდა, მიწაზე სასამართლო დავის გამო. იგი აიძულეს ტატივილი დაენგრია. იმ დღეს, ის მარტოდმარტო იდგა პავილიონების განაპირას და ელოდებოდა ამ ყველაფრის განადგურებას, და როდესაც პირველი ნანგრევები მიწაზე დაეცა, ტატიმ სცენარის კოპია მტვრის ღრუბლებში აისროლა და უკანმოუხედავად გაიქცა.

      მისი მეხუთე ფილმი „ტრაფიკი“ და სატელევიზიო ფილმი „აღლუმი“ (ვოდევილების შესახებ) 70–იან წლებში გამოვიდა, თუმცა, ტატი ამბობდა, რომ მისი ბოლო ფილმი „გართობის დრო“ იყო. მსოფლიო კინემატოგრაფიას პატივისცემა არ დაუკლია ტატის შემოქმედებისთვის. ზოგიერთი მათგანი დამთრგუნველია – ახლახანს ბრედ პიტმა ულოს როლი ითამაშა ვეს ანდერსონის იაპონური ტელეკომუნიკაციების რეკლამაში, თუმცა სხვები ახალ სიცოცხლეს ამჟღავნებენ, მათ შორისაა სილვინ შომეს ანიმაცია „ილუზიონისტი“, რომელიც ტატის ორი განუხორციელებელი ფილმის სცენარებიდან ერთ–ერთის ადაპტაციაა. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა, იყო ფედერიკო ფელინის გეგმა – გადაეღო დონ კიხოტის მისეული ვერსია, სადაც მისი მეგობარი ტატი ითამაშებდა მთავარ როლს. საბოლოოდ, ტატიმ თავისი კარიერა რეკლამების გადაღებით დაასრულა, მაგრამ აქვს ამას ეხლა დიდი მნიშვნელობა? მას არასდროს გადაუღია – „ულო ხვდება მარსიანელებს“ , რადგანაც თავისუფლება ყველაფერს ერჩივნა. სცენარების ჰაერში აფრიალება ტატივილის დანგრევისას დაუმორჩილებლობის აქტი იყო და არა სასოწარკვეთის.

The Guardian, 2009

თარგმ. ნინო დოლიაშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s