აბას ქიაროსტამი – ალუბლის გემო

tumblr_mjuhsliXxd1qcnueyo1_500

   აბას ქიაროსტამის სამყაროში, შეიძლება ითქვას, კონკრეტული ობიექტები არ არსებობს, მხოლოდ კავშირები ობიექტებს შორის. ასევე, მის კინოში: ცალკე აღებული ფილმები კი არ გვხვდება,  არამედ ურთიერთკავშირები მის ფილმებს შორის, და მათსა და ჩვენს შორის.

   ყველაზე სახელგანთქმულმა დიდ ირანელ რეჟისორებს შორის, აბას ქიაროსტამიმ თავისი საერთაშორისო ავტორიტეტი კოკერის მიდამოებში, ირანის ჩრდილო–დასავლეთით მდებარე სოფელში  გადაღებული ტრილოგიით მოიპოვა: „სად არის მეგობრის სახლი?“(1987) პატარა ბიჭის თავგასასავალზეა, რომელიც მეგობრის სახლს ეძებს;  „ცხოვრება გრძელდება“(1992) იმ მოგზაურობის მხატვრული ასახვაა, რომელიც თავად ქიაროსტამიმ მოაწყო, იმის გასარკვევად, დაიღუპნენ თუ არა წინა ფილმის მსახიობი ბავშვები 1990 წლის გამანადგურებელი მიწისძვრის დროს. ხოლო, „ზეთისხილის ხეების მიღმა“(1994) ასევე მხატვრული სახით წარმოგვიდგენს „ცხოვრება გრძელდებას“ გადაღებების პროცესს, რომელიც მიწისძვრას გადარჩენილი ხალხის გაჭირვებას ირეკლავს.  კრიტიკოსებმა ამ სამ ფილმს „კოკერის ტრილოგია“ უწოდეს. ქიაროსტამი კი, ეწინააღმდეგება ამგვარ დასახელებას და აღნიშნავს, რომ ფილმებს ერთმანეთთან მხოლოდ ადგილის „დამთხვევა“ აკავშირებთ. მისი აზრით, შეიძლება უფრო მართებული ყოფილიყო ბოლო ორი ფილმისა და „ალუბლის გემოს“(1997) ტრილოგიად მოხსენიება, რადგან, როგორც აღნიშნა, მათ ერთი თემა აერთიანებთ: სიცოცხლის სილამაზე.

     განსხვავებით წინა ორი ფილმისგან, რომელიც ამაღელვებლად გადმოგვცემს ადამიანების წყურვილს გადარჩენისა, „ალუბლის გემო“ ასახავს „სიცოცხლის სილამაზეს“  ერთგვარი რიტორიკული ინვერსიის საშუალებით. ერთი შეხედვით, თითქოს ჩანს, რომ ფილმში სიკვდილს საპატიო ადგილი უკავია. ქიაროსტამის სურათებს შორის, ერთ–ერთ ყველაზე პირქუშ და მკაცრ ფილმში, რომელიც თავისი სცენართან მჭიდრო კავშირით,  ასე კონტრასტულად განსხვავდება მისი სხვა ფილმების სპონტანური, ლირიკური განწყობებისგან, გვიყვება ორმოცდაათიოდე წლის, ჯანმრთელი გარეგნობის, შეძლებული თეირანელი ბადის შესახებ, რომელიც თავისი „რეინჯ როვერით“ მოძრაობს და ქალაქგარეთ ეძებს ვინმე უცნობს, რომელიც მას თავის მოკვლაში დაეხმარება (თუმცა, მას არ სურს, რომ უშუალოდ თვითმკვლელობაში უცნობმაც მიიღოს მონაწილეობა, უბრალოდ უნდა, რომ მეორე დღეს  დაბრუნდეს და გადაარჩინოს, იმ შემთხვევაში თუ „წარმატებას“ ვერ მიაღწევს თავისი წადილის შესრულებაში, წინააღმდგე შემთხვევაში კი დამარხოს). ფილმის უმეტესი ნაწილი ეთმობა არც ისე სასიამოვნო საუბრებს, რომელსაც მთავარი გმირი მართავს სამ კაცთან მათი დათანხმების მიზნით: ახალგაზრდა, ქურთ ჯარისკაცთან, რომელიც შეცბუნებულია ბადის ამ საშინელი თხოვნით;  შუა ხნის ავღანელ სემინარიელთან, რომელიც რელიგიაზე საუბრით, ამაოდ ცდილობს გადაარწმუნოს ბადი და ერთ კეთილ თურქ კაცთან, რომელიც ტაქსიდერმისტად მუშაობს ისტორიის მუზეუმში და რომელიც დაჟინებით ცდილობს დაარწმუნოს მთავარი გმირი, რომ ბუნების ბრწინვალება – ალუბლის გემო – თუნდაც ერთ–ერთი მთავარი მიზეზია, რომ თავი არ მოიკლა. თუმცა, ის უხალოსოდ მაინც თანხმდება ბადის დახმარებაზე.

     ფილმის თანმიმდევრული თხრობა აშკარად სცდება მრავლისმთმქელი ამბის ან სტანდარტული დრამის ჩარჩოებს და ატარებს ალეგორიის ან  ფარული აღსარების შემპარავ ხიბლს. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფილმის ყველა დიალოგის უკან ქიაროსტამი თავად დგას, გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ თითქოს რეჟისორმა ხელახლა გადახედა თავის საკუთარ ბრძოლებს შინაგან უკუნეთთან. ასევე, თუ ჩვენ იმ სემინარიელს მოვიაზრებთ, როგორც „რელიგიას“ და ტაქსიდერმისტს, როგორც „ბუნების ფილოსოფიას“ მივალთ იმ თემებთან, რომელიც აღელვებდა და მუხტავდა შუა საუკუნეების ირანელ ფილოსოფოსებს.ხოლო, ქიაროსტამის მხატვრული ასახვის საშუალებით,  შესაძლოა აღვიქვათ, როგორც დახვეწილი არგუმენტი თეოკრატიის წინააღმდეგ. ან, შეიძლება ეს არის კიდევ ერთი ქიაროსტამის ფილმი–ფილმის შესახებ, სადაც ბადიი წარმოგვიდგება საავტორო კინოს გახუნებულ ფორმად, რომლის ბოლო სწორედ საკუთარი თავის გადნადგურებაა.

tumblr_n1jzm3efTJ1t1d159o3_500

tumblr_n1jzm3efTJ1t1d159o4_500

    ინტერპრეტაციები ამდენი მიმართულებით იმიტომ იბადება, რომ მიუხედავად ფილმის ელემენტების სიმარტივისა, მათი რიგითობა, განლაგება ახალი, საინტერესო მინიშნებებისკენ გვიბიძგებს.  რატომ არ არის მოთხრობილი ფილმში თუ რატომ უნდა ბადის თავის მოკვლა ( იქნებ იმიტომ, რომ რეალურად ფილმი ეხება იმას, თუ რატომ სურს მას, ან ნებისმიერ ადამიანს სიცოცხლე)? რატომ არის თვითმკვლელობა წარმოჩენილი ისე უცნაურად, თითქოს ერთი კაცს კი არა, ბევრ ადამიანს ეხება (რაც ფილმში „სიცოცხლე და მეტი არაფერი“ ასეც ხდება რეალურად)? ამ ფილმში კი, ამის დანახვა კითხვების დასმით იწყება.

       თავისი ბრწყინვალე ფორმალური და ინტელექტუალური გამჭრიახობით ქიაროსტამი  იმ ტრადიციის წინა ხაზზე დგას, რომელსაც ბრესონი, ბერგმანი, გოდარი, კუროსავა და ანტონიონი მიყვებოდნენ. „ალუბლის გემო“ პირველი ირანული ფილმია, რომელმაც კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო მოიპოვა, და ის ვერცერთ თანამგრძნობ მაყურებელს ვერ დატოვებს მშვიდად, მხოლოდ სინეფილური აღტაცების ამარა. ფილმის ბოლოს წინა სცენაში, როდესაც მთავარი გმირი, რომელთანაც თავს ვაიგივებთ მთელი ხნის განმავლობაში, წევს სრულიად უმოძრაოდ და აშკარად ეშვება სიბნელეში, როგორც სინამდვილეში, ისე გადატანითი მნიშვნელობით, ჩვენ ვრჩებით სრულიად მარტონი ჩვენს თავებთან, ჩვენს საკუთარ ღრმა გრძნობებთან იმ უმარტივესი საკითხის მიმართ, უპირველესად, ამ სურათს რომ სურს შევიგრძნოთ,  ჩავწვდეთ, დავაგემოვნოთ  –  სიცოცხლე.

და მეტი არაფერი.

 გოდფრი ჩეშირი, ამერიკელი კინოკრიტიკოსი.

თარგმ. ნინო დოლიაშვილი 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s