ოთარ იოსელიანი ჟან ვიგოსა და „ატალანტაზე“

Otar Iosseliani-3

        ვფიქრობ, რომ საფრანგეთში ეკრანებზე გამოსულ “ატალანტა”-ს ვერსიაში, არასდროს მინახავს ის პირველი სცენა, სადაც ახალდაქორწინებულები თივის ზვინებს შორის მისეირნობენ. ისინი გამოდიან ეკლესიიდან  სხვა დანარჩენებთან ერთად და პატარა ნავისკენ მიდიან. ნეფე ერთ-ერთ ზვინს ეჯახება და დარეტიანებული და დაბნეული ამ ზვინის გარშემო იწყებს სიარულს. ეს ფრანგულ ვერსიაში არ ყოფილა. ვფიქრობ, რაღაც ცვლილებები იყო, რომელიც მე არ გამომრჩენია, რადგანაც მთელი ფილმი მახსოვს თითქმის ზეპირად. დარწმუნებული არ ვარ, შეიტანეს თუ არა საბოლოო ვერსიაში ის სცენა, როდესაც მიშელ სიმონი ფირფიტებს უცვლის ვიღაც ტიპს, რომელსაც რასპუტინი ქვია. საინტერესოა, რომ ფილმის ოპერატორი რუსი იყო. ძიგა ვერტოვის ძმა – ბორის კაუფმანი. სწორედ მან ასწავლა მიშელ სიმონს ის სიმღერა, რომელსაც იგი ფილმში რუსულად მღერის:

Во саду ли, в огороде

Выросла петрушка.

Мальчик девочку целует,

Думает – игрушка.

      მთელი ფილმი აგებულია ისეთი თანამიმდევრობით როგორც ხანდახან ცხოვრებაში ხდება ხოლმე. მთელი ფილმი დაფუძნებულია გარემოებათა შემთხვევით, იღბლიან დამთხვევებზე და თითქმის ყველაფარი დაუგეგმავად, უცაბედად ხდება საჭირო დროს, საჭირო ადგილზე. არ მგონია, რომ ასეთი ფილმის შეთხზვა შესაძლებელი იყოს დიდი და სერიოზული შრომის ხარჯზე. „ატალანტა“ საჩუქარია, რომელიც ჩვენ ვიგოს მეშვეობით გვერგო. ვიგო თითქოს უბრალოდ ინსტრუმენტია ვიღაცის ხელში. არ ვიცი, შეიძლება იმის თქმა თუ არა, რომ ეს ღმერთის ნება იყო.. მაგრამ ეს იყო სიხარული, რომელიც ჩვენ აუცილებლად უნდა მოგვნიჭებოდა.

Dita Parlo + Michel Simon - L' Atalante (1934)

     რომ შევაფასოთ ჩემი სიყვარულის მასშტაბები ვიგოსა და ზოგადად, კინოსადმი, იმის თქმა შეიძლება, რომ ჩემი აზრით,  კინორეჟისორი რომ გავხდი, უმეტესწილად, „ატალანტას“  დამსახურებაა. როცა ეს ფილმი პირველად ვნახე, მოსკოვის კინოს ინსტიტუტში ვიწყებდი სწავლას. იქ ერთ ხანდაზმულ კაცს შევხვდი, მემონტაჟეს, გვარად ფელონოვს, რომელმაც შეამჩნია ჩემი უკმაყოფილება მოსკოვის ინსტიტუტის მიერ გამოშვებული ოფიციალური კინოპროდუქციის მიმართ. მან წამიყვანა რუსული  კინოს ბიბლიოთეკაში – „Gosfilmfond“, სადაც სახელმწიფო კინოს კოლექცია ინახებოდა. და მან მაჩვენა „ატალანტა“. ამ შთაბეჭდილების შემდეგ, გადავწყვიტე რომ სწორედ კინორეჟისორობა იქნებოდა ყველაზე სწორი პროფესია ჩემთვის. ძალიან შემიყვარდა ფილმი. პირველად ნახვის შემდეგ – მეორედ საკმაოდ გვიან ვნახე – მაგრამ, სწორედ პირველი ნახვის შემდეგ ყველა წვრილმანი დეტალი დამამახსოვრდა. არ ვიცი, რატომ. უცნაურია. არის ფილმები რომლის გარკვეული სიტუაციები ან გარდამტეხი ეპიზოდები გამახსოვრდებათ, ან ის, თუ როგორაა გადაღებული და თუ როგორ გადმოსცა რეჟისორმა თავისი ჩანაფიქრი. „ატალანტაში“ არაფერია წინასწარ დაგეგმილი. ჩემთვის ფილმი უწყვეტ ნაკადად მიედინება. და ისე ადვილი იყო ყველა იმ სიტუაციისა თუ მოვლენის დამახსოვრება, რომლებსაც ამ უწყვეტ ნაკადულში ვხედავდი.. სულ თან მსდევდა შემდეგ სიზმრებში, ფიქრებში.. როგორც მახსოვს, ვხატავდი კიდეც თითოეულ ნანახ კადრს, მოგვიანებით რომ დამემახსოვრებინა. ამ ფილმის ნახვა იყო დიდი სიხარული, უდიდესი სიამოვნება. ვფიქრობ, მან თავისი კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაზე.

      ფილმის ყურებისას, თითქოს ცხოვრებას მიჰყვები, საბოლოოდ რაღაც შედეგის მიღებისთვის. არაფერი იკარგება. ყველაფერი რაც შეიძლება დაკარგული ჩანდეს, შესაძლებელია აღდგენილი იქნას. ფილმის დასასრულისკენ, როდესაც ჯულიეტი უსმენს სიმღერას, არის რაღაც ისეთი, რაც მთელ ჩვენს ცხოვრებას თან სდევს. საბედნიეროდ, შესაძლებელია რომ რაღაცები ჩაიწერო გრამაფონით. შენ შეგიძლია ჩაიწერო რაიმე სიმღერა და მოუსმინო სულ რამდენიმე გროშად. საბედნიეროდ, ამის საშუალება გვაქვს. ეს ასევე ადასტურებს, რომ ყველანი ვკვდებით. მსახიობები კვდებიან, ქალაქები ინგრევა, ცხოვრება იცვლება. მაგრამ ჩვენი ფილმი გრამაფონივითაა. რაღაცები ფიქსირებულად რჩება ფილმში. დასარულისკენ, ამ სცენაში, გრამაფონის წყალობით ჯულიეტი მიშელ სიმონის ყურადღებას იპყრობს, რომელიც ეძებდა მას. ხვდება კი სიმონი, რომ ჯულიეტის გარდა ვერავინ შეძლებდა ამ სიმღერის მოსმენას? სწორედ ეს კრავს ამბავს. აგვირგვინებს ფილმის სტრუქტურას. მაგრამ, არ ვფიქრობ რომ ეს გადაჭარბებულია. ამ ყველაფრის უკან ვერ იგრძნობა სერიოზული შრომა და გათვლები. როგორც ვამბობდი, ყველაფერი იღბლიანი დამთხვევებითაა შეკრული. მოგვიანებით, ერთი შეხედვით ზუსტად იგივე რამ აღმოვაჩინე ჩემს ნამუშევრებშიც. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ყველაფერს აუღელვებლად და დაუდევრად  ვაკეთებ. მე კი ვიცი, რომ ამ სიმშვიდის მიღმა აუარება შრომაა. ვფიქრობ, გამოვიყენე ვიგოს ნოუ–ჰაუ, რომ ისე ჩანდეს რაღაცები, თითქოს თავისთვის, მშვიდად მიედინება. წვრილმანები ჩნდება თითქოს შემთხვევით, მერე კი უჩინარდება. როდესაც თქვენ იყურებით მიშელ სიმონის კაბინაში, სადაც ის უამრავ უცნაურ ნივთს გაჩვენებთ, მთელი მსოფლიოდან რომ აქვს შეგროვებული.. როცა ამ ყველაფერს უყურებ, ფიქრობ, რომ ეს ნივთები ასე სრულიად  სპონტანურად განლაგდა. მაგრამ ეს ასე არ არის. აქაც ყველა დეტალი დიდი სიფრთხილითაა გათვალისწინებული. იმ ეპიზოდში კაპიტნის ცოლი მოხიბლულია ამ უცნაური პერსონაჟით. მეზღვაური  ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია, რომ მოხიბლოს ის. ქალი ლოგინზე წვება, იგი იხრება მისკენ, მაგრამ ის ნამდვილი ჯენლტმენია. უცებ იმართება და ცხვირს ისრესს. საიდანღაც მას კატა ჩაუვარდება ფეხებში.. იგი რაღაც მიზეზს პოულობს და გადის. ეს ისეთი დეტალებია.. არა მგონია, შესაძლებელი იყოს ამ ყველაფრის დაგეგმვა, ან სცენარის წერის პროცესში მოქცევა. ეს ყველაფერია იმასთანაა კავშირში, თუ რას წარმოადგენს ავტორი. ეს ფილმი იმის გამოხატულებაა, თუ როგორი დიდებული კაცი იყო ჟან ვიგო.

10259504_10203738610734568_2844238384643396861_n

     კიდევ ერთი პერსონაჟი, ვინც ჯულიეტის მოხიბლვას ცდილობს იწვევს უდიდეს თანაგრძნობას. როგორც ტიპიური ფრანგი, ის თავის ჯამბაზობით ნიღბავს ყველაფერს, თავის გრძნობებს. ის მიუდგომელი და ინდიფერენტულია, ცივი და მექანიკური. მაგრამ თქვენ გრძნობთ, რომ ყველ იმ წარუმატებლობების მიუხედავად, რომლებსაც  რეჟისორი მას თავზე ახვევს, იგი ყოველთვის ცდილობს ღირსეულად გამოვიდეს სიტუაციიდან, რადგანაც მას ამ დროს სხვები უყურებენ. მაგრამ, ის არასდროს გამოხატავს თავის ნამდვილ გრძნობებს და სწორედ ეს იწვევს თანაგრძნობას ამ პერსონაჟის მიმართ. რაც შეეხება ჯულიეტს.. რა უნდა ვთქვათ? ქალი – ქალია. ის არის ქალი, რომელიც უნდა დაიმსახურო, რომელიც უნდა იპოვო. ქალი, რომელსაც ხიბლავს სათამაშოები, ბჭყვიალა სამკაულები და სხვა უცნაური ნივთები. გემის კაპიტანი სიმპატიური რაინდია. გულუბრყვილო და სევდიანი მეოცნებე. იგი სრულიად დაუცველი ხდება იმ მომენტში, როდესაც რეალური ცხოვრება შემოიჭრება მის „ატალანტაზე“ და მყუდროებას დაურღვვს. აქ ერთმანეთს ერევა ცხოვრებისეული გამოცდილებები, მოხუცი მეზღვაურისა, რომელმაც ყველაფერი იცის და ახალგაზრდა კაპიტნის, რომელიც უბრალოდ შეყვარებულია და დარწმუნებულია, რომ ცხოვრებაში ყოველთვის ბედნიერი იქნება. მაგრამ, ამავე დროს,  მან არ იცის რომ ბევრი საფრთხეებია ცხოვრებაში.. ჩვენს გარშემო უამრავი ცდუნებაა. სამყარო სავსეა ამით. და ეს პატარა გემი მიცურავს ცხოვრების ზღვაში და აგრძელებს სვლას. და ჩვენ არ ვიცით რა საშიშროება ემუქრება მას. აი, რატომაც არის ეს ფილმი ერთის მხრივ უბრალო და მარტივი და მეორეს მხრივ კარგად ნაფიქრი. იგი გვიჩვენებს სპონტანური ხელოვნების ნიმუშს, და ვფიქრობ, რომ შესაძლოა ფილმი ახალგაზრდობაზეც მოგვითხრობს, ცხოვრების აღმოჩენაზე.. ირეკლავს რეჟისორის ადრეულ იმედგაცრუებებს. და ეს ყველაფერი აღიბეჭდება ფილმის შინაარსა და კონსტრუქციაზე. ვფიქრობ, ფილმი ერთი ადამიანის ცხოვრებასა და სამყაროს მისეულ ხედვაზეა. ერთის მხრივ, ეს სამყარო საშინელია, მეორეს მხრივ კი, არის პატარ–პატარა ბედნიერებები, რომელსაც იღებ მეგობრობის, ერთგულების და მიტევების შედეგად.

თარგმ. ნინო დოლიაშვილი

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s