ინტერვიუ ირანელ რეჟისორ ასგარ ფარჰადისთან

LR-12

“ნადერისა და სიმინის განქორწინება”

-როგორ გაჩნდა ფილმის იდეა?

-ბერლინში ვიმყოფებოდი და ერთ-ერთ სცენარზე ვმუშაობდი, რომლის მოქმედებაც სწორედ ამ ქალაქში იშლებოდა. ერთ საღამოსაც, ჩემი მეგობრის სახლში, უფრო ზუსტად სამზარეულოში შემომესმა ირანული საუბარი, მოულოდნელად კადრობრივმა მოგონებებმა დაიპყრო ჩემი გონება, რომელიც სულ სხვა ისტორიას ებმოდა. ამ ახალმა იდეებმა და გამოსახულებება საშინლად ამაფორიაქა, იმდენად რომ უკვე ბერლინში გაჩერება შეუძლებელი იყო. მაშინვე გავემგზავრე ირანში და დავიწყე ამ ამბავზე მუშაობა.

-როგორ ფიქრობთ, დასავლეთში შეძლებენ ამ ფილმის სწორად გაგებას?

-შეიძლება, ირანელი მაყურებლისთვის გაცილებით მარტივი იყოს ფილმში შეღწევა. რა თქმა უნდა მშობლიური ენა და გარემო ფილმის აღქმას უფრო ამარტივებს. ისტორია ეხება დაოჯახებულ წყვილს. ეს არის ორი ადამიანის ურთიერთობა, მათზე გავლენას არც კონკრეტული დრო და არც საზოგადოება არ ახდენს. ეს უნივერსალური თემაა.

-ამ თემაზე თითქოს არაერთი ფილმი გადაღებულია, მაგრამ „ნადერისა და სიმინის განქორწინება“ უფრო საინტერესო სტილითაა გადმოცემული. ეს თქვენი კონკრეტული ხელწერაა?

-ფილმის გადაღებისას მხოლოდ ცენტრალური თემით არ ვინტერესდები, ვცდილობ წინა პლანზე სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი დეტალები წამოვწიო. არ მიყვარს ფილმები, რომლებიც მხოლოდ კონკრეტული დრამის გარშემო ტრიალებს და არც ისეთი ფილმები, რომლებიც ცუდადაა მოთხრობილი. ჩემს ფილმში შევეცადე ერთამანეთზე გადამება დრამა და ჩემი კვლევითი სტილი. ამგვარად, ვინც არ იცნობს ირანს, ან არ არის მსგავსი თემებით დაინტერესებული, კარგი ფილმის ნახვის საშუალებას მაინც ვაძლევ. არ მიყვარს როცა მაყურებელი პასიურ მდგომარეობაშია.

-ხშირად თქვენს ფილმებში პოლიტიკა სოციალურ ჭრილშია განხილული. ასეა? 

-ჩემს ფილმებში სხვადასხვა ინტერესების დაკმაყოფილებას ვცდილობ. მაყურებელს საშუალებას ვაძლევ დამოუკიდებლად აღმოაჩინოს ამა თუ იმ პერსონაჟის მორალური თუ სოციალური მხარე, მაქსიმალურად ვცდილობ კარნახის თავიდან აცილებას, შესაბამისად, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რისი დანახვა სურს მაყურებელს. ნადერისა და სიმინის განქორწინებაში“ ორი ოჯახის პირადი ცხოვრებაა გადმოცემული. მათ ცხოვრებაში ხდება ისეთი რაღაცები, რაც შემდეგ  მათ პოლიტიკურ რეფლექსებს პასუხობს. აი, ასე გამოიხატება პოლიტიკა სოციალური თემების გავლით.

-ფილმა უკვე არაერთი საერთაშორისო აღიარება ჰპოვა, ბერლინის ფესტივალზე ოქროს დათვითაც დაჯილდოვდა.. წინ კი ოსკარია. თქვენთვის ამ აღიარებებს რაიმე მნიშვნელობა აქვს?

-ფილმი საჭიროებს ჯილდოებს და არა – რეჟისორი: დაჯილდოებისას შეიძლება აღელდე და ემოციები მთელი საღამო გაგყვეს, მთავარია მეორე დღეს დამშვიდდე და ეს ყველაფერი დაივიწყო. ოსკარი? მირჩევნია ამაზე არ ვიფიქრო.

-დღევანდელ ირანში ცენზურის თვალსაზრისით როგორი მდგომარეობაა?

-კინო-სურათს გააჩნია, ისე კი ირანში საკმაოდ ბევრ ფილმს იღებენ. წელიწადში გადაღებული 100 ფილმიდან 80-ს არ ეხება ცენზურა. ცენზურა ეხება მეტ-ნაკლებად სერიოზულ თემებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი კარგი ფილმია. პრობლემები ჩემს ფილმსაც შეეხო, თუმცა არ მინდა ამაზე საუბარი, არ მიყვარს მსხვერპლის როლში გამოსვლა.

the-past-first-review

“წარსული”

-„ნადერისა და სიმინის განქორწინებასა“ და „წარსულს“ შორის კიდევ ერთი ფილმი უნდა ყოფილიყო. რა მოხდა?  

ბერლინში ყოფნისას “ელის შესახებ”-ის დასრულების შემდეგ  დავწერე კიდევ ერთი სცენარი. შემდეგ  „ნადერისა და სიმინის განქორწინება“ გადავიღე . ჩემს ფრანგ დისტრიბუტორს – ალესანდრე მალეტ-გაის, ძალიან მოეწონა სცენარი და მთხოვა მეც გავცნობოდი. ძალიან უნდოდა ამ ფილმის გერმანიასა და საფრანგეთში გადაღება. ბევრი მოგზაურობის შემდეგ საბოლოო არჩევანი საფრანგეთზე შევაჩერე  და უკვე პარიზში დავიწყე ამ პროექტზე მუშაობა. ერთ დღესაც, კაფეში, გავუმხილე, რომ თავში სულ სხვა ისტორია მიტრიალებდა. მხოლოდ მონახაზი მქონდა, თუმცა საუბრის დროს აღმოვაჩინე, რომ თემა უფრო და უფრო იხვეწებოდა და რაღაცას ემსგავსებოდა. ასე, ნელ-ნელა, საუბარში გაჩნდა ფილმი „წარსული“. პარიზმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა: როცა გინდა გადაიღო ფილმი წარსულზე, აუცილებელია წახვიდე ისეთ ქალაქში როგორიც პარიზია, ქალაქში რომელიც წარსულითაა გაჟღენთილი. სხვაგან ვერ შევძლებდი ამ ფილმის გადაღებას.

-თუმცა, ფილმში ისტორიული პარიზი  არ ჩანს. 

-ძალიან ფრთხილად მოვეკიდე პარიზის ისტორიულ-არქიტექტურულ სივრცეს, არ მინდოდა ტურისტული ფილმი გამოსულიყო. ბოლოს გადავწყვიტე, რომ მთავარი პერსონაჟის სახლი (ადგილი, სადაც ყველაზე ხშირად იშლება მოქმედებები) პარიზის გარეუბანში ყოფილიყო. პარიზი ფიგურირებს, თუმცა მას ფონური დატვირთვა აქვს. როცა იღებ ფილმს შენი გარმოს კონტექსტიდან შორს, ყოველთვისაა  საფრთხე – გადაიღო ის რაც პირველად მოგხვდება თვალში. მე შეგნებულად პირიქით მოვიქეცი: მაჯადოვებს პარიზული არქიტექტურა, თუმცა მოვახერხე ამ ვნებების დაძლევა და მათი სხვა მიმართულებით წაძღოლა..

-როგორ აიგო ამბავი? 

-არასოდეს ვიცი საიდან დავიწყებ ამბის თხრობას. ჩემი ისტორიები დამოუკიდებლად ფორმირდებიან. ეს კონკრეტული ისტორია ერთ მამაკაცზეა, რომელიც სხვა ქალაქში   განქორწინების მოსაგვარებლად გადადის. კიდევ  ერთი ვარიანტი მქონდა – ამ მამაკაცის ცოლი კომაში ვარდება და ის იძლებული ხდება დაუმოუკიდებლად იზრუნოს მათ შვილზე. თითოეულ ფრაგმენტს მთავარ სიტუაციამდე მივყავართ. ჩემი სცენარი ინტუიციაზე დგას, ვსვამ კითხვებს და პასუხებს ისტორიამდე მივყავარ. როცა მივედი განქორწინების თემამდე, დამებადა კითხვა: „კი მაგრამ, მაინცდამაინც  განქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ რატომ ჩადის ქალაქში“ და „როცა მივა ყოფილი მეუღლის სახლში იქ რა უნდა მოხდეს“? პატარა ტექსტიც კი, განვითარების უამრავ შესაძლებლობას გთავაზობს, შენ ირჩევ პასუხს და მის გარშემო იწყებ ისტორიის აგებას.

-ფრანგული ცხოვრების სტილზე დაკვირვებამ რა შემატა სცენარს? 

-მთელი ყურადღება განმასხვავებელ შტრიხებზე გადავიტანე: რა შეიცვლებოდა თუ ისტორია ირანში განვითარდებოდა? ჩემს ფილმებში პერსონაჟები ხშირად ირიბი გზით ჩნდებიან.  ეს ჩვენი კულტურისთვის სართო მახასიათებელი და ამავდროულად დრამატული ხერხიცაა.  აღმოვაჩინე, რომ მსგავსი ფორმა ფრანგულ კინოში იშვიათად გვხვდება, ისინი გმირებს პირდაპირი გზით წარმოაჩენენ. მოკლედ, ჩემი ფრანგი პერსონაჟები როგორმე ამ ახალ პარამეტრებში უნდა მომექცია. ეს პროცესი და მისი სცენართან გადაბმა საკმაოდ დელიკატური და დროში გაწელილი აღმოჩნდა.

-საინტერესოა ის, რომ ირანელი პერსონაჟი ახერხებს სხვა დანარჩენის ალაპარაკებას. 

-ის ერთგვარი კატალიზატორია, რომელიც ახერხებს ადამიანებს ათქმევინოს ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ თქმულა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი გაუთვიცნობიერებლად მოხდა, ეს არ ყოფილა მისი შეგნებული და დაგეგმილი სვლა. არ მინდოდა ჩემი პერსონაჟებისგან მათი ნაციონალობა და დროშის ფერი წამოსულიყო. ფილმში იქმნება კრიზისული სიტუაციები და აქ უკვე განმასხვავებლობებიც იკლებს.

-ერთ-ერთი თქვენი მსახიობის თქმით, ეს ისტორია დაიბადა მაშინ, როცა იხილეთ კომაში ჩავარდნილი ადამიანი… 

-მთლად მასეც არ ყოფილა. ფილმისთვის უკეთ რომ შევმზადებულიყავი, წავედი კომაში ჩავარდნილი პაციენტების სანახავად. რადგანაც ამ მიმართულებით გამოცდილება არ მქონია, ჩემი ფიქრი და ეჭვი ორად გაიყო: ისინი ცოცხლებში წერიან თუ გარდაცვლილებში? ეს ადამიანები ცოცხლებად შეგვიძლია ჩავთვალოთ თუ გარდაცვლილებად? მთელი ფილმი ამ ეჭვებზე აიგო. ორივე პერსონაჟი დილემის წინაშე დგას. „ნადერისა და სიმინის განქორწინებაში“ პერსონაჟი უფრო ნაცნობ, მაგრამ კომპლექსურ სიტუაციაში იმყოფება: მან უნდა აირჩიოს ან მამის ან ქალიშვილის კეთილდღეობა. „წარსულში“ საკითხი სულ სხვანაირად დგას: უპირატესობა უნდა მივანიჭოთ წარსულის გარკვეულ ლოიალურობას თუ მასზე უარი ვთქვათ და გადავერთოთ მომავალზე?

-დღევანდელი ცხოვრების პირობებში ეს დილემები კიდევ უფრო გაურკვეველია? 

-სავსებით შესაძლებელია. თითქოს მომავალს ბუნდოვნად აღვიქვამთ, ამ დროს კი, ჩემი აზრით, წარსული გაცილებით ბუნდოვანია. სურათებისა და e-mail-ების ფონზე ჩვენი წარსული კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა. დღევანდელობა თითქოს შეგნებულად აიგნორებს წარსულს. ამ დროს კი წარსული დღემდე ჩვენი ცხოვრების თანმდებია, ის ჩვენზე გავლენას ახდენს და უკანაც გვაბრუნებს.  ამ რეალობის წინაშე დგას როგორც ევროპა, ისე – მთელი მსოფლიო.  მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ მომავლისკენ გადაშვებას, წარსული მაინც არ გვანებებებს თავს და ის მხრებზე ტვირთად გვაწვია.

-რა პრინციპით შეარჩიეთ ბერენის ბეჟო?

-ბერენის პირველად ამერკიაში მოგზაურობისას შევხვდი, ის მაშინ ფილმ “The artist”-ზე მუშაობდა. ნახვისთანავე ვიგრძენი ამ ადამიანის  გულწრფელობა და ექსპანსიურობა. მასთან მარტივია კონტაქტის დამყარება და აზრის გაზიარება. ფილმ “The artist”-ში მისი მეტყველი შესრულებით ძალიანი მოვიხიბლე. არის ორი, ფუნდამენტური რამ რის მიხედვითად ვირჩევ მსახიობს: პირველია, აუცილებელია ის იყო მარჯვე და ჭკვიანი და მეორე – ეკრანზე მისი ყურებისას უნდა მოდიოდეს დადებითი ემოცია. ეს ადამიანი უნდა იყოს მიმზიდველია, ვისთანაც ერთად მაყურებელი სასიამოვნოდ გაატარებს დროის გარკვეულ პერიოდს.

-ბერენისი იხსენებს, რომ გადაღებების დროს ის  სახისთვის კონკრეტულ გამომეტყველებას ეძებდა. მაინც რას?

-ეჭვს, რომელიც თან სდევს მარიას პერსონაჟს. ბერენისისთვის ეს შტრიხი უცნობია, ის ეჭვებით არაა შეპყრობილი. თუმცა, პირველსავე ცდაზე დავრწმუნდი, რომ მას ამ სახის შექმნა თავისუფლად შეეძლო. მარიას პერსონაჟი სიტუაციებს ქმნის და  მოვლენების განვითარებასაც უწყობს ხელს. მას არ სურს უკან მოხედვა და წარსულში ჩაღრმავება. ბოლო კადრში ვხედავთ ჩვენსკენ, კამერისკენ მომავალ მარიას, რომლიც უკან მდგომ აჰმედს ეუბნება: „აღარ მსურს უკან დაბრუნება“. ამბობს რა ამას, ზურგს აქცევს წარსულს, კამერასა და, შესაბამისად, ჩვენ – მაყურებელებს. ამ სცენით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარია ყველაზე პროგრესული პერსონაჟია. ჩემს ფილმებში ყოველთვის ქალები ირგებენ ამ როლს. იგივე შემიძლია ვთქვა „ნადერისა და სიმინის განქორწინებაზე“..

-რითი გამოირჩევა ტაჰარ რაჰიმი? 

-ირანში ვნახე ფილმი „წინასწარმეტყველი“ და მაშინვე მივხვდი, რომ ის სხვა მსახიობებს არ გავდა, მას შეეძლო ბევრად რთული როლების შესრულება.. სწორედ ამიტომაც გადავწყვიტე მისი როლზე დამტკიცება. ტაჰარის ხასიათში არის რაღაც ბავშვური რაც ძალიან დამეხმარა მუშაობისას. მან მოახერხა ბავშვური ემოციებისა და რეაქციების შენარჩუნება.

-და რაც შეეხება ალი მოსაფას? 

-ალი განსაკუთრებული მსახიობია და ჩემი დიდი ეჭვით – განსაკუთრებული ადამიანიც: როგორც კი შეხედავთ, მაშინვე მიხვდებით რომ ის უდიდესი სამყაროს მეპატრონეა.  ის სხვებს იზიდავს – უფრო მეტი გინდა გაიგო მასზე და ჩემი აზრით ეს აჰმედის პერსონაჟშიც იგძნობა. გარდა ამისა, გვჭირდებოდა ირანელი, პროფესიონალი მსახიობი, რომელიც შეძლებდა ფრანგულად ლაპარაკს და ამან კიდევ უფრო შეზღუდა ჩვენი არჩევანი. ალის როცა შევხვდი, რთულად თუ წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე კვირაში შეძლებდა ენის ბარიერის დაძლევას. შედეგი კი გასაოცარი იყო.

-ერთ-ერთი სცენარის მიხედვით, აჰმედს კინოსთან ქონდა შეხება.. 

-რეალურად, სცენარზე მუშაობისას ამ პერსონაჟს კინო-სამყაროსთან ვაკავშირებდი. ბოლოს მივხდი, რომ არ მინდოდა გმირს რაიმე კონკრეტული პროფესია ქონოდა, მაყურებელს მასზე ცოტა რამ უნდა სცოდნოდა.  ადამიანში ის ინტერესს იწვევს, უფრო მეტი გინდა გაიგო მასზე, უკეთ გაიცნო, იცოდე საიდან მოდის… მაგრამ საბოლოოდ მას ამ ყველაფრის გამომჟღავნების საშუალება ვერ მიეცემა, მაშინაც კი როცა ცდილობს ირანში დაბრუნების მიზეზების ახსნას. ალბათ ამ ყველაფრის ასახსნელად საჭიროა ფილმები, დოკუმენტაცია და ფოტოსურათები… როცა არ იცი, თავისუფალი ხარ წარმოდგენებში. როგორც არ უნდა იყოს, ჩემი აზრით ამ საიდუმლოებების ამოხსნა შეუძლებელია სახლიდან შორს და სწორედ ესაა საფრანგეთიდან წასვლის მიზეზიც.

-ის სამირზე ინტელექტუალია?

-აჰმედი საქმის კაცია. ის იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელებიც სულ რაღაცის შეკეთებაში არიან, ამ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს წყლის ნიჟარა ან ველოსიპედი ან ნებისმიერი სხვა რამ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც უცნობ გარემოში დისკომფორტს განიცდიან, მათთვის ეს გარემო ერთგვარად უმოძრაობასა და პასიურობას უდრის. აჰმედისთვის უმოქმედობა ტანჯვაა, შესაბამისად, მარტივად ვხვდებით რომ მისი პასიურობა დეპრესიის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო.

-როგორ შეარჩიეთ პაულინი,  ერთ-ერთი იმ პერსონაჟთაგანი, რომელზეც დგას ფილმის ისტორია? 

-მისი ასაკის ძალიან ბევრი გოგონა ვნახე. პაულინის მონაწილეობით მცირე ვიდეო-რგოლი ვიხილე და მაშინვე მივხვდი, რომ თავისუფლად შეეძლო ამ როლის შესრულება. ის რომ ასე კარგად შევიდა პერსონაჟის ხასიათში, ეს აბსოლუტურად მისი მოტივაციის დამსახურებაა. აჰმედის მსგავსაც, ლუსიც მისტიკური პერსონაჟია. ორივეს საკუთარი სამყარო აქვთ. რეალურ ცხოვრებაშიც პაულინის მზერა მისტიკის მატარებელია. რადგანაც სცენარის მიხედვით ლუსი არაა აჰმედის შვილი, მინდოდა მაყურებელს მათ შორის კავშირი ეგრძნო და შექმნილიყო ისეთი შთაბეჭდილება, რომ ჩვენს წინაშე ნამდვილად მამა-შვილი დგას. სწროედ ლუსია ის ადამიანი, რომელიც ყველაზე უფრო განიცდის აჰმედის წასვლას. ის კარგას არა მხოლოდ დედის ქმარს, არამედ – საკუთარ მამასაც.

-ფრანსუა ტრიუფო ამბობდა: „ ბავშვებს არ შეუძლიათ მოტყუება, ისინი ზრდასრული ადამიანებისგან განსხვავებულ რეალობას გვთავაზობენ“.
იზიარებთ მის ამ შეხედულებას? 

-იმ დასკვნამდე მივედი, რომ ბავშვების გარეშე არ შემიძლია  ფილმის გადაღება. ამავდროულად, რთულია მათთან მუშაობა. ფილმში მათ ემოციები, სიყვარული და გულწრფელობა შემოაქვთ. მართლაც, ჩემს ფილმებში ბავშვები არ იტყუები, თუ რა თქმა უნდა უფროსების მხრიდან არ მოდის ზეწოლა.

-ფილმში ბავშვები ერთდროულად უფროსების მოწმეები და მათი მსხვერპლნი  არიან? 

-ფილმში კიდევ ერთი ბავშვია, რომელიც ეკრანზე არ ჩანს. ბავშვი, რომელსაც ელოდება მარია. ის ჯერ არ დაბადებულა და მისი ბედი უკვე სხვებმა განსაზღვრეს.  მებადება კითხვა, როცა გაჩნდება  რას ეტყვიან მის წარსულსა და მის დაბადებამდე მომხდარ მოვლენებზე.

-რა განსხვავებაა ირანში ფილმის გადაღებასა და საფრანგეთში ფილმის გადაღებას შორის?

-ჩემთვის განსაკუთრებული არაფერი: ერთნარიად ვმუშაობ როგორც ირანში, ისე – საფრანგეთში. საფრანგეთში, რა თქმა უნდა, კინო ინდუტრია უფრო განვითარებულია და კინოს კეთების უამრავი საშუალებაცაა. ირანში ფილმი ინდივიდზე დგას, აქ კი – შემოქმედებითი პროცესი კოლექტიურია.

-„ნადერისა და სიმინის განქორწინება“ ე.წ. „hand-held კამერითაა გადაღებული, რომელიც უფრო მეტ სიმყარეს იძლევა. რა ისწავლე სტილის შეცვლით?

-როცა ამბავმა თავისი ფორმა მიიღო, წავედი იმ ადგილების სანახავად, სადაც უნდა გადამეღო ფილმი.. ნახვისას მივხვდი, რომ ეს ისტორია ფიქსირებულ კადრებს საჭიროებდა. „ნადერისა და სიმინის განქორწინებაში ყველა სცენა და ეპიზოდი ერთსა და იმავე სივრცესა და დროში იშლებოდა. „წარსულში“ ჩვენ ვხედავთ პერსონაჟების სახეებზე აღბეჭდილ აწ უკვე განვლილი მოვლენებს.

-მორალისტი ბრძანდებით?

-არ მივეკუთვნები მორალისტთა ჯგუფს, თუმცა შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ამ ფილმში არ არის მორალისტური ჩანართები. აქ სხვა კრიტერიუმებიცაა თვალშისაცემი. მაყურებელს  შეუძლია თვითონ გადაწყვიტოს ამ ამბავს სოციოლოგიური გასაღები მოარგოს თუ ფსიქოლოგიური. ისიც ფაქტია, რომ ფილმში ბევრი ეპიზოდი მორალური გადმოსახედიდანაც შეიძლება შეფასდეს.

თარგმ. axavild

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s