ინგმარ ბერგმანი რეჟისორების შესახებ

Ingmar-Bergman-Persona

(ნაწყვეტი შვედურ ყოველდღიურ გაზეთში ( Sydsvenska Dagbladet ) გამოქვეყნებული ინტერვიუდან, სადაც ბერგმანს სხვადასხვა რეჟისორების შესახებ ეკითხებიან აზრს, ის კი თავისი ჩვეული, დაუნდობელი გულწრფელობით პასუხობს.)

ორსონ უელსის შესახებ:

– მისი კინო უბრალოდ ფაბრიკაციაა. უინტერესოა. მკვდარია. „მოქალაქე კეინი“ რომლის ასლი მეც მაქვს, კრიტიკოსების საყვარელი ფილმია და ყველა გამოკითხვაში მაღალი შეფასება აქვს, მე კი ვფიქრობ, რომ ძალიან მოსაწყენი რამეა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შესრულება არის საშინელი. ის დაფასება, რაც ამ ფილმმა მიიღო აბსოლუტურად დაუჯერებელია.

– „ბრწყინვალე ემბერსონებზე“ (The Magnificent Ambersons) რას იტყვით?

– ასევე ძალიან მოსაწყენი ფილმი.. და უელსი როგორც მსახიობიც არასდროს მომწონდა, რადგან სინამდვილეში, ის არც არის მსახიობი. ორსონ უელსი დიდებული პიროვნება იყო, მაგრამ როდესაც ოტელოს როლში ვხედავთ, ყველაფერი ფსკერისკენ მიდის… განსაკუთრებით, მაშინ როცა საშინლად ჩხავის. როგორც რეჟისორიც ზედმეტად დაფასებულია.

მიქელანჯელო ანტონიონის შესახებ:

– მან ორი შედევრი გადაიღო, დანარჩენს შეგიძლიათ არც უყუროთ. ერთი არის „ფოტოგადიდება“(Blow-up), რომელიც ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი, და მეორე „ღამე“(La Notte), ასევე შესანიშნავი ფილმი, ახალგაზრდა ჟანა მოროს გამო. ჩემს კოლექციაში „ყვირილის“(Il Grido) ასლიც მაქვს, მაგრამ უჰჰ, რა მოსაწყენი ფილმია.. აუტანლად სევდიანი. ანტონიონიმ ვერაფრით ისწავლა ხელობა, ის ცალკეულ კადრებზე ახდენდა კონცენტრაციას და ავიწყდებოდა, რომ კინო არის სურათების რიტმული ნაკადი, მოძრაობა. რა თქმა უნდა, ბევრი ბრწყინვალე მომენტია მის ფილმებში, მაგრამ თითქმის ვერაფერს ვგრძნობ, როცა ვუყურებ, მაგალითად, „თავგადასავალს“ (L’Avventura), მხოლოდ გულგრილობას. არასდროს მესმოდა, რატომ იყო ანტონიონი ასე წარმოუდგენლად დაფასებული.  და მგონია, რომ მისი მუზაც – მონიკა ვიტი, საშინელი მსახიობია.

ფედერიკო ფელინის შესახებ:

-მე, ფელინი და კუროსავა ვაპირებდით გვეთანამშრომლა ერთ პროექტში, რომლის პროდიუსერი დინო დე ლოურენტისი იყო. სამივეს თითო სასიყვარულო ისტორია უნდა გადგვეღო ამ ფილმისთვის.  ჩავფრინდი რომში ჩემი სცენარით და ფელინისთან ერთად ბევრი დრო გავატარე, სანამ კუროსავა იაპონიიდან ჩამოვიდოდა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ იგი ჯანმრთელობის გამო ვეღარ შემოგვიერთდებოდა და პროექტიც ჩაიშალა. ფელინი იმ დროს „სატირიკონს“ ამთავრებდა. მის სტუდიაში საკმაოდ დიდი ხანი დავყავი და ვხედავდი როგორ მუშაობდა. ძალიან მომეწონა როგორც რეჟისორი და როგორც პიროვნება. დღესაც ვუყურებ მის ნამუშევრებს, როგორიცაა, მაგალითად „გზა“ და ის ფილმი ბავშვობის მოგონებებზე, დამავიწყდა, რა ჰქვია?

(აქ ინტერვიუერმა უპასუხა, რომ მასაც რამდენჯერმე აქვს ეს ფილმი ნანახი, მაგრამ სათაურს ვერც ის იხსენებს, რაზეც ბერგმანმა ხმამაღლა გაიცინა)

-რა კარგია, რომ თქვენც ჩემსავით ცოტა სკლეროზი გაწუხებთ! სასიამოვნოა ჩემთვის.

(ინტერვიუს შემდეგ, იმავე დღეს, ცოტა გვიან ჟურნალისტის ტელეფონი რეკავს. ბერგმანია. „ამარკორდი!“, ყვირის.)

ფრანსუა ტრიუფოს შესახებ:

-ძალიან მომწონს ტრიუფო, ბევრჯერ აღვფრთოვანდი მისი მაყურებლისადმი დამოკიდებულებით და ამბის თხრობის განსაკუთრებული სტილით. „ამერიკული ღამე“ (La nuit américaine) საუცხოო ფილმია. კიდევ ერთი სურათი, რომელსაც ყოველთვის სიამოვნებით ვნახულობ, არის „ველური ბავშვი“ (L’enfant sauvage) თავისი დახვეწილი ჰუმანიზმით.

ჟან-ლუკ გოდარის შესახებ:

-მისი ფილმებიდან არასდროს არაფერი მიმიღია. თითქოს რაღაც მექანიკურად აგებული ფილმები აქვს, ცრუ ინტელექტუალური და სრულიად უსიცოცხლო. კინემატოგრაფიულად უინტერესო და უსასრულოდ მოსაწყენი. გოდარი არის საშინლად მოსაწყენი. მგონი, თავის ფილმებს კრიტიკოსებისთვის იღებდა. ერთ-ერთი მისი სურათი – „მამაკაცური, ქალური“ (Masculin, féminin) აქ, შვედეთშია გადაღებული და ესეც ტვინგამყინავად მოსაწყენი რაღაცაა.

თანამედროვე ამერიკულ კინოზე:

-დღევანდელ რეჟისორებს შორის, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავია სპილბერგი და სკორსეზე, ასევე,  კოპოლა, რომელმაც, როგორც ჩანს, თავი დაანება  ფილმების გადაღებას და  სტივენ სოდერბერგი – თითოეულ მათგანს აქვს სათქმელი, ისინი მგზნებარეები არიან, იდეალისტური დამოკიდებულება აქვთ ფილმის გადაღების პროცესის მიმართ. სოდრებრგის „ტრაფიკი“ (Traffic) შესანიშნავია. კიდევ ორი მშვენიერი მაგალითი, რომელიც ამერიკული კინოს ძლიერებაზე მიუთითებს, არის „ამერიკული სილამაზე“ და „მაგნოლია“.

ანდრეი ტარკოვსკის შესახებ:

1971 წლის ერთ საღამოს, ბერგმანი და მისი მეგობარი რეჟისორი კჟიელ გრიდე სრულიად შემთხვევით გადააწყდნენ ტარკოვსკის „ანდრეი რუბლოვის“ ჩვენებას Svensk Filmindustri – ის კინოდარბაზში. მათ ფილმი სუბტიტრების გარეშე ნახეს. ბერგმანმა, აღნიშნა, რომ აქამდე ნანახთა შორის ეს  ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და დაუვიწყარი ფილმი იყო.

თარგმ. ნინო დოლიაშვილი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s