ჯიმ ჯარმუში “პატერსონის” და პოეზიის შესახებ

Jim-Jarmusch-poses-for-a-portrait-in-May-1996-in-New-York-City.-Photograph-Catherine-McGannGetty-Images-1132x620-678x381

ძნელია დაიკარგო, როცა ისიც არ იცი, სად მიდიხარ.

ამერიკული ინდი კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი ჯიმ ჯარმუში თავის ბოლო ფილმში პატერსონი გვიყვება ავტობუსის მძღოლისა და პოეტის, პატერსონის შესახებ, რომელიც ნიუ-ჯერსის პატარა ქალაქში, მეგობარ გოგონასა და ინგლისურ ბულდოგთან ერთად, საკმაოდ მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს.

ინტერვიუში ჯარმუში სწორედ პატერსონის შესახებ მოგვითხრობს: როგორ შეარჩია ფილმისთვის მსახიობები, რა იყო მისი შთაგონების წყარო და რას ფიქრობს ამერიკულ ინდი კინოზე, რომლის კონტურებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად იცვლებოდა.

პატერსონს, მთავარ გმირს, საკმაოდ განსაზღვრული ცხოვრების წესი აქვს. ეს თქვენს შემოქმედებით პროცესთან ერთგვარი პარალელი ხომ არ არის?

პატერსონს სწორედ ასეთი ცხოვრება მოსწონს, რადგან ეს დინამიკა მისი ცხოვრების შემოქმედებითი ნაწილისთვის მეტ თავისუფალ ადგილს ტოვებს. მე რაც შემეხება, დიდად არ მომწონს რეგლამენტირებული ცხოვრება. ჩემი დევიზი ყოველთვის იყო – ძნელია დაიკარგო, როცა ისიც არ იცი, სად მიდიხარ.  ყველაზე კარგი გეგმა – გეგმის არქონაა. ყველაზე ბედნიერი და პროდუქტიული მაშინ ვარ, როცა იდეები მომდის, ვიღვიძებ და ვაანალიზებ, რომ არანაირი ვალდებულება არ მაქვს. ამის გააზრება კი მეხმარება, ბევრი რამ ვაკეთო. თუმცა, რა თქმა უნდა, როცა ფილმს ვიღებ – დრო ფულია და ყველა წუთს დაგეგმვა და ორგანიზება სჭირდება. და მაინც, ამ ყველაფერშიც თავისუფლებას ვეძებ. წინასწარ არასდროს ვაკეთებ ესკიზებს, არც იმას ვწერ – რა რის მერე გადავიღო… მიყვარს, როცა ვდგავარ და ვფიქრობ და ანალიზსა და კირკიტში დრო არ გამყავს.

1

მსახიობებთან როგორ მუშაობთ?

როგორც წესი, ვცდილობ, კონკრეტულ მსახიობებზე ავაგო სცენარი. თითქმის ყველა ფილმზე ასე ვიმუშავე. ამჯერად კი, ჯერ სცენარი დავწერე და მერე შევარჩიე მსახიობები. ყოველთვის მინდა ხოლმე, მათ ხელი შევუწყო იმპროვიზაციაში და იმის საშუალებაც კი მივცე, რომ, საჭიროების შემთხვევაში, სცენარი შეცვალონ. თუმცა, პატერსონზე მუშაობისას სცენარი ძალიან მცირედით გადავაკეთეთ. “მოგვწონს ამბავიც და დიალოგებიც” მითხრეს და მეც რაღა უნდა მექნა?! კი ბატონო, მაგრამ იქნებ უკეთესი გახადოთ-მეთქი, – მაინც ჯიუტად ვეუბნებოდი.

პატერსონის მთავარი ღირსება მსახიობებია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ და ისინი ჩემი ფასდაუდებელი თანამშრომლები არიან. გოლშიფთე ისეთი დაუოკებელი, ენერგიული და გახსნილია… ადამი კი – გულჩათხრობილი და დაკვირვებული, ზუსტად ისე, როგორც მათი გმირები.

ინგლისური ბულდოგი – სახელად მარვინი ფილმის გამორჩეული პერსონაჟი იყო. მასთან მუშაობას როგორ გაიხსენებთ?

მარვინის ნამდვილი სახელი ნელი და ფილმის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში მოკვდა. შეყვარებული იყო ადამ დრაივერზე, რომელიც გადაღებების დროს სულ აქეთ-იქით დაასეირნებდა. ადამი ძალიან თბილად ექცეოდა და ისიც აფანატებდა ადამზე. მე ასე თბილად მოქცევა არ გამომდიოდა, მაგრამ ნამდვილად საყვარელი და სასაცილო ძაღლი იყო. ცხოვლებთან მუშაობა არ არის ხოლმე ადვილი, მაგრამ ნელიმ ძალიან გაგვიმართლა.

3

ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე რას გვეტყვით?

თავდაპირველად მინდოდა, ფილმი ელექტრონული მუსიკით გამეფორმებინა. ისედაც დაინტერესებული ვარ ელექტრონული მუსიკით და ვფიქრობდი, სხვადასხვა შემსრულებლის მუსიკას რაღაც ნიშნით გავაერთიანებ-მეთქი. დავიწყე კიდეც ამის გაკეთება, მაგრამ ხან ზედმეტად მძაფრი გამოვიდა, ხან ძალიან დამტკბარი, ხან კი -მეტისმეტად ლამაზი. მოკლედ, არ იმუშავა.

კარტერი (ჩემი ბენდის Sqürl წევრი) დრამზე უკრავს, ეტიუდების გაკეთებაც შეუძლია, სინთეზატორიც აქვს. სინთეზატორი მეც მაქვს, გიტარაც და სხვადასხვა ეფექტების დადებაც შემიძლია. ჰოდა, ჩემმა მემონტაჟემ, აფონსო გონსალვესმა მითხრა: მუსიკას კი არა უშავს, ჯიმ, მაგრამ შენ და კარტერიც ხომ არ ცდიდით დაწერას? თან ახლა უკვე ორივეს გაქვთ სინთეზატორი! მოკლედ, სამი კვირის თავზე ფილმისთვის უკვე ახალი მუსიკა გვქონდა.

ფილმში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ავტობუსის სცენებია, პატერსონი რომ ავტობუსს ატარებს და თან მგზავრების საუბარს უსმენს… ამ საუბრებიდან რომელიმეს ცხოვრებაშიც ხომ არ შესწრებიხართ?

კი, მიყვარს უცნობი ადამიანების დაკვირვება, თუნდაც მეტროში, ან რესტორანში. სულ ყურს ვუგდებ ხოლმე. ერთ-ერთ სცენაში ბიჭები გოგოებზე რომ ლაპარაკობენ – ეგ საუბარი სასადილოში მოვისმინე. ძალიან სასაცილო იყო. მიყვარს ასეთი საუბრების მოსმენა და ამან ნამდვილად მასწავლა ერთი რამ – გარეგნობით არავინ და არაფერი უნდა შევაფასოთ.

4

პატერსონი საკმაოდ ბევრ ლექსს წერს. თქვენს თავს პოეტად თუ მიიჩნევთ?

შეიძლება ითქვას, რომ პოეზიით ძალიან შთაგონებული ვარ და ახლაც ვწერ ლექსებს, მაგრამ დიდად არ მიყვარს გამოქვეყნება. ერთადერთხელ გამოვაქვეყნე ლექსი ნიუ-იორკერში. ძალიან გამიხარდება, თუ ხალხი ჩემს ფილმებს ნიუ-იორკის პოეტების სკოლის კინემატოგრაფიულ გაგრძელებად ჩათვლის, იმ სკოლის, რომლის წარმომადგენლებიც ცდილობდნენ, რომ განსაკუთრებული სერიოზულობით არ მიეღოთ საკუთარი თავი და სხვებისთვის ეწერათ. ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ ჩემს ფილმებზეც ასე იფიქრებენ. ჩემს პოეტობას რაც შეეხება, ცოტა არ იყოს, ხმამაღალი განაცხადი იქნება საკუთარ თავს პოეტი, ან ხელოვანი ვუწოდო. მე, უბრალოდ, ჩემი განცდებისა და გრძნობების სხვადასხვა ფორმით გამოხატვას ვსწავლობ – მუსიკა იქნება ეს, კინო თუ პოეზია.

თქვენი შთაგონების წყაროზე როცა ვსაუბრობთ, ბუდიზმს რა როლი აქვს ამაში?

პრაქტიკოსი ბუდისტი არ ვარ, მაგრამ ბუდიზმით ძალიან გატაცებული ვარ. მომწონს მოძღვრება და ის, რომ სხვა რელიგიებისგან განსხვავებით, ბუდიზმისთვის ჯილდოს და სასჯელის თემა უცხოა.

რას ფიქრობთ თანამედროვე ინდი კინოზე?

დღეს უკვე ძალიან სწრაფად იცვლება ყველაფერი – ყველა ფიქრობს, როგორ იშოვოს ფული, როგორ მიაწოდოს კინო მაყურებელს, იქნება ეს ტელევიზია, კინოთეატრი თუ DVD. და ამ დროს სად არის ინდი ფილმები? ნამდვილად არ ვიცი. მე მაინტერესებს ფილმები, რომლებსაც იღებენ ის ადამიანები, ვინც შემოქმედებით მხარეს ანიჭებენ უპირატესობას და კინოს ბიზნესმენის თვალით არ უყურებენ. დამოუკიდებელი კინოს დეფინიცია ჩემთვის ყოველთვის ეს იყო. მაგრამ ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ ფილმი მცირებიუჯეტიანი იყოს. კლინტ ისტვუდიც დამოუკიდებელ კინოს აკეთებს, საკმაოდ მაღალბიუჯეტიანს და ყველაფრის შემოქმედი თავადაა. კელი რიჩარდსიც დამოუკიდებელი რეჟისორია, რომელსაც არ აქვს ბევრი ფული, მაგრამ ისიც თავადაა ყველაფრის წარმმართველი. ასეთი ფილმები მომწონს. არის ხალხი, ვინც სწავლობს ბაზარს და აკეთებს გათვლას – რა მოუტანს უფრო მაღალ შემოსავალს, ეს პროდუქტი შეიძლება ძალიანაც კარგი და გასართობი გამოვიდეს, მაგრამ, უბრალოდ, ჩემი ინტერესის სფერო არაა.

 

წყარო: Tribeca Shortlist

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა cinemania.ge – სთვის

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s