ჩან-დონ ლი “ალმოდებულის” შესახებ

'Poetry' Film Photocall, Rome, Italy - 30 Mar 2011

ალმოდებული რვაწლიანი პაუზის შემდეგ გადაიღეთ. ამ წლების განმავლობაში რას საქმიანობდით?

ეს პერიოდი უამრავ პროექტსა და სცენარზე ვიმუშავე. მათ შორის იყო სამი პროექტი, რომელიც, საბოლოო ჯამში, სამ სრულყოფილ სცენარად შეიკრა და სამივე მათგანი მზად იყო წარმოების ეტაპისთვის. თუმცა, ბოლო მომენტში გადავიფიქრე და წარმოების პროცესი შევაჩერე, რადგან ვერ შევძელი, პასუხი გამეცა კითხვისთვის, თუ რატომ იყო აუცილებელი ამ ფილმების გადაღება.

თქვენ თავადაც წერთ და მიუხედავად ამისა, გადაწყვიტეთ, რომ ფილმი ცნობილი იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის მოთხრობის “ალმოდებული ფარდულები” მიხედვით გადაგეღოთ…

როგორც კინორეჟისორი, სულ სიუჟეტების ძიებაში ვარ, თუმცა ამბავი როგორი საინტერესო და მნიშვნელოვანიც უნდა იყოს, თუ მას ტრადიციული გზით მაწოდებენ, ჩემთვის ფერმკრთალდება. არის შემთხვევები, როცა ლიტერატურული ნაწარმოები ახალი იდეებითა და შთაგონებით მავსებს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ეს ხშირად ხდება. მურაკამის ეს პატარა მოთხრობა ერთ-ერთი გამონაკლისი იყო.

რამ მოგხიბლათ ამ სიუჟეტში?

ჩემმა სცენარისტმა მირჩია, მოთხრობას გავცნობოდი და მიუხედავად იმისა, რომ, ერთი შეხედვით, ამ ამბის ფილმად ქცევა არც ისე იოლი საქმე ჩანდა, ძალიან მომხიბლა იმ იდუმალებამ და მისტიკურობამ, რომელიც ნაწარმოებშია. ვიგრძენი, რომ მოთხრობაში იყო რაღაც ძალიან კინემატოგრაფიული. იცით, ყველანი ვგრძნობთ, რომ ამ მისტიკურ და საიდუმლოებებით მოცულ სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ, რაღაც არ არის წესრიგში, მაგრამ ვერავინ ვამბობთ – კონკრეტულად რა.

ბუსანის კინოფესტივალზე აღნიშნეთ, რომ ალმოდებული გვიყვება ახალგაზრდებზე დღევანდელ სამყაროში. შეგიძლიათ, უფრო ვრცლად გვითხრათ, რისი თქმა გსურდათ?

დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა, გადამეღო ფილმი ამ თაობის ახალგაზრდების შესახებ. ჩემს ზოგიერთ წინა პროექტს “მრისხანების პროექტი” ერქვა, რადგან მეჩვენება, რომ ადამიანები მთელს მსოფლიოში, რელიგიის, ეროვნებისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად, სხვადასხვა მიზეზის გამო, თითქოს გაბრაზებულები არიან. ახალგაზრდების მრისხანება კი განსაკუთრებით თვალშისაცემია. დღეს კორეაში მცხოვრები მილენიალთა თაობა ალბათ, პირველი თაობაა, რომლებიც მშობლების თაობაზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ისინი გრძნობენ, რომ მომავალი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება, არ იციან, ეს სიბრაზე საით მიმართონ და შედეგად, იფიტებიან და უძლურდებიან. ფილმიც ამ ახალგაზრდებზეა, რომლებიც თავისივე მრისხანების ტყვეობაში არიან და თავს უმწეო არსებებად გრძნობენ.

როგორ შეარჩიეთ მსახიობები?

მთავარი გმირი – ჯონგსუ თითქოს თვინიერი და უსიცოცხლო ჩანს, მაგრამ ის საკმაოდ ძლიერი პერსონაჟია, რომელიც მრისხანებითაა სავსე. ამ როლისთვის კი იო აჰინი შეუდარებელი მსახიობია, რომელსაც დელიკატური ნიუანსების სიზუსტით გადმოცემა შეუძლია. ბენი ფილმის მთავარ საიდუმლოებას წარმოადგენს, ეს პერსონაჟიც საკმაოდ რთული ასახსნელია და შესაბამისად, მსახიობისთვისაც რთული იყო მისი გაგება. თუმცა, როდესაც სტივენ იუნს პირველად შევხვდი, საუბრის დაწყებიდან ნახევარ საათში მივხვდი, რომ მას ჩემზე უკეთაც კი ესმის ბენის. რაც შეეხება ჯან ჯონგსეოს, მიუხედავად იმისა, რომ ის სრულიად გამოუცდელია, მასში ისეთი უნიკალური შესაძლებლობები დავინახე, რასაც სხვა მსახიობებში ადვილად ვერ იპოვით.

42636008_10217860490572738_551282490078134272_o

როგორ მუშაობთ მსახიობებთან?

სულ მინდა, რომ მსახიობებმა უბრალოდ იგრძნონ ემოციები და იმაზე არ იფიქრონ, როგორ გამოხატონ ისინი. გადაღებების დროს ვცდილობდი, მათთან ბევრი მესაუბრა პერსონაჟებსა და ატმოსფეროზე. ასეთი საუბრები კომუნიკაციის უფრო ეფექტური საშუალება აღმოჩნდა, ვიდრე პირდაპირ მითითებების მიცემაა. ამასთან, ვფიქრობ, ურთიერთობის ეს ფორმა მსახიობს მეტ თავისუფლებას აძლევს.

მურაკამის მოთხრობის რამდენად ზუსტი ეკრანიზაციაა თქვენი ფილმი?

მურაკამის ნაწარმოებში ფარდულები იწვის, ჩვენ კი ის სათბურებით შევცვალეთ, რადგან კორეაში სათბურებს უფრო ხშირად შეხვდებით. გარდა ამისა, მოთხრობასთან შედარებით, ფილმში უფრო ფართოდ და მრავალწახნაგოვნად იშლება მისტიკური ელემენტები.

რა მიმართულებით გსურდათ, წაგეყვანათ თხრობა? აშკარაა, რომ მურაკამის მოთხრობიდან გადაუხვიეთ და ბევრად შორს წახვედით.

სიმართლე გითხრათ, სიუჟეტის ჩაკირკიტების ნაცვლად, მურაკამის მინიმალისტური თხრობის სტილსა და ნაწარმოების მისტიკურ განწყობებზე ვიყავი კონცენტრირებული. ყველაზე მეტად სწორედ იმან მომხიბლა, რომ მოთხრობაში იყო ბევრი ცარიელი ოთახი, რომლის განვრცობისა და განვითარების საშუალებას სწორედ კინემატოგრაფიული მედიუმი იძლევა. ვფიქრობდი, როგორ დამეკავშირებინა მოთხრობის სიუჟეტი სხვა მისტიკურ ამბებთან. ეს შესაძლებლობები ძალიან მომხიბვლელი იყო ჩემთვის.

თქვენ სიუჟეტი სამხრეთ კორეაში გადმოიტანეთ და მთავარი გმირის – ჯონგსუს მშობლიურ ქალაქად პაჯუ შეარჩიეთ. რატომ შეაჩერეთ არჩევანი ამ კონკრეტულ ადგილზე?

იმიტომ, რომ პაჯუ ტიპური კორეული დასახლებაა. კორეაში ურბანიზაციის განვითარების პარალელურად ფერმები თანდათან ქრება. შესაბამისად, დღესდღეობით, ქალაქგარეთ ძალიან ცოტა ახალგაზრდა თუ ცხოვრობს. ჩვენი პროტაგონისტი – ჯონგსუც მამამისის გამო ცხოვრობს პაჯუში. მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარა დასახლება სეულიდან სულ რაღაც ერთი საათის სავალზე მდებარეობს, ჩრდილოეთ კორეასთან იმდენად ახლოსაა, რომ ქალაქში იქაური პროპაგანდისტული მაუწყებლობაც კი ისმის. ეს სწორედ ისეთი სივრცეა, რომელიც ძალიან კარგად ირეკლავს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის სიახლოვის თავისებურებას.

მურაკამის სიუჟეტის მისტიკურობაზე ადრეც გისაუბრიათ, თუმცა მაყურებლის დიდი ნაწილი თვლის, რომ ალმოდებული გარკვეულწილად თრილერიცაა. მაინტერესებს, ხომ არ ფიქრობთ, რომ ფილმი ყველაფერთან ერთად აჩრდილებზეც გვიყვება? რა თქმა უნდა, მოჩვენებებს არ ვგულისხმობ, მაგრამ მეტაფორულად ვიგულისხმოთ ჯონგსუ, რომელსაც ჰაემის სიყვარული აჩრდილივით დაჰყვება და მოსვენებას უკარგავს… 

დიახ, ამ ფილმის ასეთი ინტერპრეტაციაც შეიძლება. არსებობს შეუცნობელი სუბსტაცნია, რომლისაც გვწამს და მისი ფიზიკური არსებობისაც გვჯერა. ეს არის ამბავი, რომელიც რაღაც ისეთს მიჰყვება, რაც ჩვენთვის უცნობია.

BURNING.2018.720p.HDRip_.H264.AAC-NonDRM.mp400006.png

ეს შეუცნობელი, ალბათ, ჰაემის პერსონაჟია, რომლის დახასიათებაც საკმაოდ რთულია. ის გამორჩეული პიროვნებაა და გარკვეულწილად, იდეალურთან მიახლოებული. როგორ მოახერხეთ, შეგექმნათ გმირი, რომელიც ერთდროულად რეალურიც შეიძლება იყოს და წარმოსახვის ნაყოფიც?

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ თქვენს აღქმაში თავისუფალი ხართ, ვერ ვიტყოდი, რომ ჰაემის რეალურობა საეჭვოა. ჩემთვის ის ძალიან რეალისტური გმირია. ჰაემი იბრძვის, ცხოვრების აზრს ეძებს და ამ ძიების პროცესში აფრიკაში სამოგზაუროდაც კი მიდის. ახალგაზრდების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ის საკმაოდ სერიოზული და დაფიქრებული ადამიანია.

ე.ი. თქვენ ფიქრობთ, რომ ჯონგსუს ძლიერი სურვილი – დაწეროს რომანი, ფილმის სიუჟეტის განვითარებაზე გავლენას არ ახდენს? ამბობთ, რომ შეუძლებელია, რასაც ფილმში ვხედავთ, ყველაფერი მხოლოდ მისი, როგორც მწერლის თვალით დანახული იყოს?

ჯონგსუ მონდომებული მწერალია, მაგრამ ხშირად მწერლები მათ გარშემო არსებული მისტიკური სამყაროს ტყვეობაში ექცევიან და ამ გადმოსახედიდან სვამენ კითხვას: როგორი ამბავი უნდა მოვყვე? ისინი სამყაროს დაკვირვების ნაცვლად, ამბებს და სიტყვებს ეძებენ. მაგრამ ჰაემი არის ქალი, რომელიც აქ და ახლა არსებობს და ცხოვრების აზრს ეძებს. გარკვეულწილად, მისი, როგორც ადამიანის, მისწრაფებები უფრო ნამდვილი და გულწრფელია, ვიდრე ჯონგსუს, როგორც მწერლის.

ჯონგსუსა და მის მეტოქეს, ბენს შორის არსებული დიქოტომია ძალიან მკაფიო და მარადიულია: მდიდარი და ღარიბი, ქალაქად და სოფლად მცხოვრები… მიუხედავად იმისა, რომ ორივენი თითქმის ერთი ასაკისანი არიან, მათი ცხოვრების სტილი ძალიან განსხვავდება და თქვენს ფილმში ეს თვალშისაცემია. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ამ გმირების საშუალებით კორეელი ახალი თაობის ორ განსხვავებულ პერსპექტივას და გზას გვაჩვენებთ?

ვფიქრობ, ეს დიქოტომია არა მხოლოდ კორეული, არამედ გლობალური ტენდენციაა. ჯონგსუ და ბენი, კორეის ორი განსხვავებული რაიონიდან, ერთი ღარიბი დასახლებიდან, ხოლო მეორე – გაპრიალებული, მდიდრული ქუჩიდან, ოპოზიციური წერტილებია. თანამედროვე ახალგაზრდობის დიდი ნაწილი სწორედ ამ პოლუსებს შორის ცხოვრობს. ვიღაცები ჯონგსუს მსგავსად უუნაროდ გრძნობენ თავს, ვიღაცებს კი სურთ, ბენს ჰგავდნენ.

ამ თვალსაზრისით, ფილმის ფინალის ძალადობრივი აქტი, არა მხოლოდ იმედგაცრუებული სიყვარულის, არამედ კლასობრივ ბრძოლაში დამარცხების შედეგიცაა?

დიახ, შეიძლება ასეც დავინახოთ. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც დაგროვილი მრისხანება და გულისწყრომა ერთბაშად ფეთქდება. ერთი შეხედვით, ფილმის მთავარი საიდუმლო ბენის პერსონაჟია და ჩვენ ჯონგსუსთან ერთად ვცდილობთ, გავარკვიოთ – ვინ არის ბენი? თუმცა, დასასრულისკენ შეკითხვა ტრიალდება: ვინ არის თავად ჯონგსუ? ჯონგსუ  მრისხანებით შეპყრობილი ახალგაზრდა ბიჭია. ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორი იქცევა, ერთი შეხედვით, უწყინარი ჯონგსუ სრულიად სხვა ადამიანად.

მოამზადა ნინო დოლიაშვილმა cinemania.ge-სთვის

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s